11-03-2024 13:43:40 საზოგადოება
განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დისტანციური სწავლების რეფორმას ეხება.
მისი თქმით, დასაშვები გახდება არსებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით თეორიული სწავლება ელექტრონულად წარიმართოს, ასევე, შესაძლებელი ხდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონული პროგრამის შექმნა.
"ეს ეხება მხოლოდ უმაღლეს განათლებას, და რიგ შემთხვევაში ასევე პროფესიულ განათლებას. ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე, ასევე, არსებულ საქართველოში გამოცდილებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად, ასევე, ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამის შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი მოქალაქეებისთვის და მესამე მიმართულება ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეები ვინც სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ, ელექტრონულ პროგრამებზე, მათი აღიარების დასაშვებობა, რომელიც აქამდე მოგეხსენებათ იყო აკრძალული, პირველ ეტაპზე ასეთ ქვეყნებად განისაზღვრა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ", -განაცხადა ამილახვარმა.
როგორც მან აღნიშნა, კანონის მიღების შემდეგ გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში - ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და მისი კონცეფციის დამუშავება სამინისტროს დაევალება.