რას ელიან რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერის სპეცწარმომადგენლის ცვლილებით

11-03-2024 16:23:51 ,

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 11 მარტს საზოგადოებას მორიგი საკადრო სიახლეების შესახებ აუწყა და ბევრისთვის მოულოდნელად, ეს გადაწყვეტილებები შეეხო ზურაბ აბაშიძესაც, რომელიც 2012 წლიდან იკავებდა რუსეთთან ურთიერთობებში მთავრობის მეთაურის სპეციალურ წარმომადგენლის პოზიციას – მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა შეიქმნა ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე სასაუბროდ, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ფორმატში, სადაც საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები პირისპირ, დახურულ კარს მიღმა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, პოლიტიკური თემებიც არაერთგზის განუხილავთ და რაც ხშირად გამხდარა ეჭვების გაღვივების საფუძველი. ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ დაისვა კითხვა ფორმატის მიზანშეწონილობის თაობაზე იმ პირობებში, როდესაც არსებობს ჟენევის ფორმატი, სადაც საქართველო ოკუპანტ რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, არა მარტოდ, არამედ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ესაუბრება.

ხელისუფლების ოპონენტები და პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილი ბოლოდროინდელ საკადრო ცვლილებებს წინამორბედი პრემიერის „კადრების ჩანაცვლების“ პროცესად განიხილავს. თუმცა, ამ ტენდენციაში არ თავსდება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეცწარმომადგენლის ცვლილება, იყო რა აბაშიძე ხსენებულ თანამდებობაზე იმჟამინდელი პრემიერის და ახლა უკვე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დანიშნული კადრი. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ერთგვარი გაოცება, მით უფრო, რომ დამაჯერებელი არგუმენტაცია საზოგადოებისთვის არავის წარმოუდგენია და არც აბაშიძის შემცვლელის – გიორგი ქაჯაიას შესახებაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის.

როგორც ოფიციალურად ითქვა, ამჟამად უკვე პრემიერის მრჩევლის რანგში გადანაცვლებულმა აბაშიძემ საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა, „ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრულიო“.

„რამდენიმე თვის წინ მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს (მაშინდელ პრემიერ-მინისტრს) წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობისთვის – პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ლოგიკა ძალიან მარტივი იყო: 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული. მან დადებითად მიიღო ეს ჩემი წინადადება და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი? დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა“,– თქვა ზურაბ აბაშიძემ.

როგორც უკვე აღინიშნა, ქაჯაიას შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გახლდათ, იყო აბაშიძის მრჩეველიც.

„მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიდი გამოცდილება აქვს, მუშაობდა უშიშროების საბჭოში. კარგად იცნობს ამ თემას, კვალიფიცირებული და სერიოზული ადამიანია და ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას“, - დაარწმუნა ჟურნალისტები მთავრობის სხდომის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ. თავად ქაჯაია მედიასთან არ გამოჩენილა.

პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილს ქაჯაიას რუსეთში ხანგრძლივი ცხოვრების გამოცდილება და კრემლთან შესაძლო ახალი კავშირები უჩენს ეჭვს, რომ თბილისი შესაძლოა, მოსკოვთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის ემზადებოდეს.

„სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული ეს ურთიერთობები. პრობლემები სხვა რამეშია და ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ არანაირი ურთიერთობები არ გვაქვს რუსეთთან. იცით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია, ამიტომ აქ გაღრმავებაზე არ არის საუბარი. საუბარია, მთავარ გამოწვევაზე და პრობლემაზე, რომელიც ჩვენს ურთიერთობებშია, ის რომ რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული," - თქვა ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი, თავდაცვისა და უშიროების კომიტეტის წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ მთავარი კითხვა, იცვლება თუ არა პოლიტიკა? დღის წესრიგში რჩება:

„ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ზურაბ აბაშიძის ჩანაცვლება: ის იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული კადრი. ბევრმა არ იცის გიორგი ქაჯაიას შესახებ, მათ შორის, რა გამოცდილება აქვს, კარასინთან თანასწორ რეჟიმში, ერთი – ერთზე საუბარი გაცხადებული ინტერესებიდან გამომდინარე და არა ფორმალური გავლენების ჭრილში. მოცემულობაში ვხედავთ, რომ ქვეყანაში რუსეთის გავლენები გაზრდილია, ფარცხალაძე (საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი) მხილებულია ეფესბე–ს ჯაშუშობაში, მას აქვს მომატებული გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, როგორ ზის ამ გავლენების ზრდაში ქაჯაიას კადრი ან რა იცვლება პოლიტიკაში – ეს იქნება საინტერესო დაკვირვების საგანი, ამ კუთხით იქნება საინტერესო ეს კონკრეტული ცვლილება და არა ის, რომ ბატონი აბაშიძე ჩაანაცვლა ბატონმა ქაჯაიამ“.

„ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებელი ნინო კალანდაძე კვლავ ხსენებული ორმხრივი ფორმატის არსებობის მიზანშეწონილობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„კარასინი–აბაშიძის ფორმატი იმთავითვე თვალთმაქცური პროექტი იყო, რომელიც პრინციპში, ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ ჩანაცვლებულიყო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი. კერძოდ, ინტერესს წარმოადგენდა, რომ ჩვენ მოლაპარაკების ფორმატში სასაუბრო მანდატიდან ამოგვეღო ოკუპირებული ტერიტორიები – დეოკუპაციის საკითხი არ ყოფილიყო დღის წესრიგში და დევნილების დაბრუნების. მათ ინტერესს მხოლოდ ეს წარმოადგენდა და სწორედ ეს მიზანი იქნა მიღწეული იმით, რომ ჟენევის მოლაპარაკებები პრაქტიკულად გაანეიტრალა ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატმა, რომელმაც, რა საკვირველია, შედეგი არ მოიტანა, რადგან იმთავითვე არ იყო შედეგზე ორიენტირებული“.

ის დარწმუნებულია, რომ რეალურად „მარიონეტული ფუნქცია“ აქვს, ქართული მხრიდან ვინ იქნება მომლაპარაკებელი, მით უმეტეს, თუ ყურადღება მახვილდება პირზე, რომელიც „კიდევ უფრო დაახლოებულია რუსულ წრეებთან“ და რომელიც, „კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართულ ინტერესებს გაატარებს ამ ფორმატში“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები