საქართველოს პროკურატურამ ადეიშვილთან დაკავშირებით ბელგიასა და გერმანიას მიმართა

11-03-2024 22:38:20 პოლიტიკა ,სამართალი

საქართველოს პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საფუძველი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციია გახდა.

„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა", - აცხადებს პროკურატურა.

მანამდე საქართველოს მთავრობამ უკრაინის ხელისუფლებას იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და შსს–ს ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის გადაცემა მოსთხოვა. ადეიშვილი ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობას იკავებს, ლორთქიფანიძე – უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას.

5 მარტს უკრაინის გენერალური პროკურორი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილეს გერტ იან კოპმანს შეხვდა, შეხვედრას ესწრებოდა ზურაბ ადეიშვილიც. ბრიუსელში ზურაბ ადეიშვილი ასევე მონაწილეობდა უკრაინის გენერალურ პროკურორსა და ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვერა იუროვას შორის გამართულ შეხვედრაში. ადეიშვილი ბერლინში გერმანიის ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრებსაც დაესწრო.

11 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან გაიმართა შეხვედრა და „ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო“.

როგორც უწყება აღნიშნავს, დამნაშავედ ცნობილი ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობა „სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას“.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდადებული. ის ინტერპოლმა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილთა სიიდან 2015 წელს ამოიღო. ადეიშვილს 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები