
"გამაოგნებელი ფასია": სატელიტური ფოტოებით დასტურდება რუსეთში სამხედრო სასაფლაოების მასიური გაფართოება
11/03/2024 20:15:43 მსოფლიო
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა სასაფლაოების რაოდენობა, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ელიტარულ დანაყოფებთან და „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან, – წერს The Telegraph.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ გვაწვდის მონაცემებს დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ, Maxar Technologies-ის მიერ მოწოდებული სატელიტური სურათები ადასტურებს დასავლურ შეფასებებს მნიშვნელოვანი დანაკარგების შესახებ, – აღნიშნავს გამოცემა.
მაგალითად, ტულას სასაფლაოს მხოლოდ ერთ მონაკვეთზე საფლავების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა 2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აპრილამდე. ამავე დროს, მეზობელ ბოგოროდსკოეს სასაფლაოზე სრულიად ახალი სასაფლაო გამოჩნდა, რომელიც ზომით სამჯერ გაიზარდა.
ორივე სასაფლაო მდებარეობს რიაზანთან, დასავლეთ რუსეთში, სადაც დაფუძნებულია 106-ე გვარდიის საჰაერო სადესანტო დივიზია. მისმა ჯარებმა მონაწილეობა მიიღეს ომის პირველ ბრძოლებში, შემდეგ კი "ვაგნერელებთან" ერთად ბახმუტის აღების ოპერაციებში. დასავლური დაზვერვის შეფასებით, დონეცკის ოლქის ამ ქალაქისთვის ბრძოლებში 20 ათასამდე რუსი ჯარისკაცი შეიძლებოდა დაღუპულიყო.
ფოტოებზე ასევე ნაჩვენებია ფეოდოსიის მახლობლად მდებარე სასაფლაოს მნიშვნელოვანი გაფართოება ანექსირებულ ყირიმში და მიხაილოვსკოეს სასაფლაოზე სტავროპოლის მახლობლად. ორივე დაკავშირებულია მე-7 გვარდიის საჰაერო-სადესანტო დივიზიასთან, რომელიც იბრძვის უკრაინაში რუსული შეჭრის დაწყების შემდეგ. მისმა ჯარებმა მონაწილეობა მიიღეს შეტევაში ხერსონისა და ნიკოლაევის მახლობლად, სადაც მათ დიდი დანაკარგი განიცადეს.
დივიზიის მეთაური, გენერალი ანდრეი სუხოვეცკი 2022 წლის მარტში მოკლეს. შარშან, იმავე ნაწილმა დონეცკის ოლქის დასავლეთით, სოფელ სტარომაიორსკოიეს მახლობლად ბრძოლაში ერთ დღეში დაკარგა 49 მედესანტე. დაღუპულები ითვლებოდნენ რუსული ჯარების ელიტად და მსახურობდნენ 247-ე საჰაერო–სადესანტო პოლკში, დივიზიის შემადგენლობაში.
კიდევ ერთი გაზრდილი სამარხი ალაბინოს სასაფლაოა, რომელიც დაკავშირებულია მე-2 გვარდიის მოტომსროლელ დივიზიასთან. მან მონაწილეობა მიიღო შეტევაში ჩრდილოეთ უკრაინაში და ჩერნიგოვის წარუმატებელ ალყაში. 2022 წლის თებერვალში ალყაში მოქცევის დროს ქვედანაყოფის 150-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და სამასამდე ტყვედ ჩავარდა.
საფლავების სატელიტური გამოსახულებები "გამაოგნებელია" და აჩვენებს "უზარმაზარ ფასს, რომელსაც რუსი სამხედროები იხდიან უკრაინაში შეჭრისთვის", – თქვა ბრიტანეთის არმიის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა და ამჟამად დაგეგმვის მიმართულებით ნატოს სპეციალისტმა, პოლკოვნიკმა ფილიპ ინგრამმა.
„მე არ მიკვირს ბაზებთან სასაფლაოების მკვეთრი მატება, რადგან რუსეთი ახლა კარგავს 900-ზე მეტ სამხედროს დღეში მინიმალური ტერიტორიული მიღწევებით. ამას მოწმობს ავდეევკასთვის ბრძოლა, სადაც 16 ათასზე მეტი მათი ჯარისკაცი დაიღუპა“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ინგრამმა აღნიშნა, რომ სამარხების რაოდენობის ზრდა არ ასახავს დანაკარგების რეალურ რაოდენობას: „ბევრი ცხედარი დარჩა ბრძოლის ველზე. დაღუპულთა იდენტიფიცირება და გადასვენება არ არის პრიორიტეტი რუსეთისთვის, რადგან ეს შესაძლებელს ხდის საზოგადოებისგან დანაკარგის რეალური მასშტაბის დამალვას, ამასთან, ოჯახებისთვის გადასახდელი კომპენსაციის დაზოგვას“, - დასძინა მან.
ასევე მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბაკინისა და ბერეზოვსკოეს სასაფლაოები, რომლებიც დაკავშირებულია "ვაგნერთან". ზოგიერთი შეფასებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის ზაფხულის შუა რიცხვებამდე, ჯგუფის დაქირავებულთაგან 22 ათასი, ანუ ყოველი მესამე დაიღუპა.