Accentnews.ge
უკრაინაში ომის მეორე წლისთავი: შეფასებები, დასკვნები, დაკვირვებები

უკრაინაში ომის მეორე წლისთავი: შეფასებები, დასკვნები, დაკვირვებები

12/03/2024 07:25:09 პოლიტიკა, რეკლამა

უკრაინაში ომის მეორე წლისთავი: შეფასებები, დასკვნები, დაკვირვებები

(პირველი ნაწილი)

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

შესავალში მოკლედ რასაც ვიტყვით, ამავე სტატიის დასკვნადაც გამოდგება. თუმცა სათქმელს მიზანმიმართულად აქვე განვაზოგადებთ, რათა შემდეგ ყურადღება ჩვენი მსჯელობის ცალკეულ, კონკრეტულ საკითხებზე შევაჩეროთ.

ახლა უკვე წამყვანი აზრი და შეფასებაა, რომ მომდევნო თვეები შესაძლოა უკრაინაში ომის ბედისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ვინმე შენიშნავს, და მართალიც იქნება, რომ ამგვარი შეიარაღებული კონფლიქტის მსვლელობის ნებისმიერი ეტაპი თანაბრად მნიშვნელოვანია. დიახ, ასეა. თუმცა ბოლო ხანს ბრძოლის ველზე შექმნილმა ვითარებამ მიმდინარე ეტაპი კრიტიკულს მიუახლოვა. სამხედრო ექსპერტთა საერთო მოსაზრებით, იგი გამოფიტვის ტიპის პოზიციური დაპირისპირების ფაზაში შევიდა. ამასთანავე, ეს ფორმულირება, ხმელეთზე რუსების მიერ მოპოვებული შეფარდებითი უპირატესობის, ხოლო შავ ზღვაზე უკრაინელთა რამდენიმე მეტად წარმატებული ოპერაციის ფონზე, სამხედრო მოქმედებების სტაგნაციაზე სულაც არ მიუთითებს. ამის მიუხედავად, მთლიანობაში, ომი ჩიხში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს არ აქვთ რესურსი და შესაძლებლობა, მიაღწიონ გამარჯვებისათვის მათ მიერვე დეკლარირებულ მიზნებს.

პარალელურად, წინააღმდეგობრივი მოვლენები ვითარდება დასავლურ სამყაროშიც. ამ სტატიის წერის მომენტისათვის აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი ჯერ კიდევ ცდილობს კონგრესის დაყოლიებას უკრაინისათვის მორიგი სამხედრო დახმარების დასამტკიცებლად. საკუთრივ ევროკავშირი კი თანდათანობით იაზრებს, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ შესაძლოა წლების განმავლობაში გასტანოს, რაც მისგან ეკონომიკისა და სამხედრო წესწყობილების კარდინალურად გადაწყობას მოითხოვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ომის გაჭიანურებასთან ერთად მატულობს უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების კრიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მუდმივი სტრესით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ გადაღლასთან ერთად, ასეთი კრიტიკა კიდევ უფრო გააღვივა 2023 წლის კონტრიერიშის წარუმატებლობამ, ისე როგორც კორუფციულ დარღვევებზე მიტანილმა არაერთმა ეჭვმა.

ამ და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, 2022 წლის გადაჭარბებული მოლოდინისა და 2023 წელს ამ მოლოდინში ზომიერების გაჩენის კვალდაკვალ, მთავარი შეკითხვა ახლა უკვე 2024 წლის რეალისტურ მოლოდინს უკავშირდება.

ცხადია, რომ ამ უმთავრესი შეკითხვის პასუხთან მისაახლოებლად ხელახლა არის გასააზრებელი ომისა და მშვიდობის, ისე როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მრავალი აქტუალური თემა, ეს კი მრავალგვერდიან ნაშრომს მოითხოვს, რაც ამ მომენტისათვის სრულფასოვნად შეუძლებელია, ამიტომ ჩვენც მხოლოდ რამდენიმე, არჩევითად მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ.

„გამარჯვება“, „დამარცხება“...

ორი აზრი არ არის, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ხოლო რუსეთი დამარცხდეს. ამას მოითხოვს მორალი, მოითხოვს სამართალი, მოითხოვენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გათელვის მსხვერპლი ქვეყნები, მოითხოვს ცივილიზებულ ერთა სადღეისო და სახვალიო ინტერესები. ეს ისეთი აქსიომაა, რომელზეც რაიმე ვრცელი მსჯელობა თვით ამ აქსიომას შეურაცხყოფს.

მიუხედავად ამ ანბანური ჭეშმარიტებისა, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, შეკითხვა, თუ პრაქტიკულად როგორ უნდა გავიგოთ უკრაინის „გამარჯვება“ და რუსეთის „დამარცხება“, კვლავ ინტერპრეტაციების საგანია. ამ ინტერპრეტაციულ სირთულეს კიევის გამარჯვების, ხოლო მოსკოვის დამარცხების საოპერაციო (სააღსრულებო) უზრუნველყოფის სირთულე ემატება.

ორივე კატეგორიის სირთულე დიდწილად ობიექტურია: მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი სრულებით ახალი ტიპის სახელმწიფოთაშორისი სამხედრო დაპირისპირებაა. ამიტომაც არ არსებობს მისი გადაჭრისა თუ დასრულებისაკენ მიმართული მზა რეცეპტები და „გამარჯვებისა“ და „დამარცხების“ ცნებათა შინაარსობრივი ცვლილებაც საომარ მოქმედებებსა თუ საერთაშორისო პოლიტიკის დინამიკაში ცვლილებათა მხარდამხარ ხდება.

ფაქტია ისიც, რომ საბრძოლო მოქმედებათა თვალსაზრისით დრო უკრაინელთა წინააღმდეგ მუშაობს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს განცდილი დიდი ადამიანური და მატერიალური დანაკარგი, ისე როგორც სამხედრო ჭრილში შექმნილი გაურკვევლობა. ამ უკანასკნელს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს დასავლური შიდა პოლიტიკის კარგად ნაცნობი წინააღმდეგობები, ევროპაში თავდაცვითი მრეწველობის უსისტემობა, უკრაინის საჭიროებებზე სათანადო პასუხის მხრივ არაადეკვატურობა, ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ჰამასს შორის გაჭიანურებული და ხარჯიანი ომი, აშშ-ში დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნების შედეგების დადგომამდე დიდად მოქმედებს ამ მეტად კრიტიკული ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების ხაზზე რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტთან მიმართებით.

მკითხველისათვის კარგად არის ნაცნობი მიმდინარე ომთან დაკავშირებული სამხედრო სპეციფიკა: იგი აქტიურად და რეგულარულად შუქდება სხვადასხვა წყაროთა მიერ. საყოველთაოდ ცნობილია ისიც, თუ რა უპირატესობით სარგებლობს ამ ეტაპზე აგრესორი (ომის ეკონომიკაზე დროული გადაწყობა, ტექნოლოგიებით მომარაგების მხრივ ახალი ბაზრებისა და მიმწოდებლების წარმოქმნა, იაფი ადამიანური რესურსი, საშინაო პროცესებზე ტოტალური კონტროლი და სხვ.) და სად და რატომ უჭირს აგრესიის მსხვერპლს (ცოცხალი რესურსის ნაკლებობა, მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიის დეფიციტი, დაპირებული კონვენციური იარაღის მიწოდების საგრძნობი ჩამორჩენა, ახალი ტიპის ომთან მიმართებით სამეთაურო დაგეგმარების ხარვეზები და ა.შ.).

ამდენად, სამხედრო-საველე ასპექტების ხელახლა გადმოცემას არ შევუდგებით და საკუთარსა და მკითხველის დროსაც დავზოგავთ. უდავოა, რომ როგორც დასავლეთს, ისე უკრაინას, რეალობის კრიტიკული გადაფასება მოეთხოვებათ და რაც მალე, მით უკეთესი. საოპერაციო-პრაქტიკულ ჭრილში „გამარჯვებად“ სახელდებული ხელშესახები შედეგის მიღწევა სხვაგვარად ძალზე გაჭირდება.

სახელმწიფოთაშორისი ომის ახალი, თანამედროვე ნაირსახეობა ვახსენეთ და აქვე შემდეგის შესახებაც დავძენთ. ასეთ ომში შედეგი ყოველთვის როდი შეიძლება გამოიხატოს გეოგრაფიულად - რუკაზე ფრონტის ხაზის ამა თუ იმ კონფიგურაციით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთ-უკრაინას შორის ომში საერთაშორისო ძალისხმევის წარმატებად ვერ განიხილება მხოლოდ საომარ მოქმედებათა სასურველი შედეგით დასრულება. ასეთ დროს უფრო მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ომის დასრულების შემდეგ აღიკვეთოს აგრესორი სახელმწიფოს მიერ მისი განახლების პოტენციური საფრთხე. ეს კი გაცილებით რთული ამოცანა გახლავთ, რასაც მხოლოდ სამხედრო საშუალებებით ვერ მოევლება.

დიპლომატიის უსარგებლობა?..

დიპლომატიური ძალისხმევის „განიარაღების“ ერთ-ერთი მთავარი ახსნა ომის დასრულებაზე (endgame) მკაფიო წარმოდგენის არარსებობაში უნდა ვეძებოთ. სამხედრო კონტექსტში გამარჯვება-დამარცხების განტოლების პარალელურად, ომის დაწყებიდან დღემდე, განწყობების მაღალი ხარისხით ცვალებადობა დიპლომატიურ-პოლიტიკურ ასპარეზზეც შენარჩუნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთის გეოპოლიტიკური გაურკვევლობის სინდრომმა რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომშიც ერთგვარი ინერციით გადაინაცვლა. დღეს, და განსაკუთრებით კი აშშ-ს შიდა მოვლენების გათვალისწინებით, ეს სინდრომი „სტრატეგიული გაურკვევლობით“ თუ „სტრატეგიული ბურუსით“ გამოირჩევა და არაერთ უხერხულ შეკითხვას წარმოშობს. საილუსტრაციოდ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენის ორი დიამეტრულად განსხვავებული შინაარსის ფრაზის ციტირებაც კი კმარა: ერთი 2022 წლის მაისში - მხარდაჭერაზე „იმ ხნით, რა ხნითაც ეს აუცილებელი იქნება“, ხოლო მეორე 2023 წლის დეკემბერში - „იმ ხნით, რა ხნითაც ჩვენ ამას შევძლებთ“.

კარგად ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ ბანალურია, ზოგიერთისთვის კი - გამაღიზიანებელიც, ფრაზა, რომ ნებისმიერი ომი საბოლოოდ მოლაპარაკებით სრულდება. თუმცა რეალობაა, რომ დაუსრულებელი ომი ჯერ კაცობრიობას არ უნახავს და, ფაქტობრივად, ყველა სამხედრო კონფლიქტის დასრულება ცეცხლის შეწყვეტაზე ზავით ან პოლიტიკურად სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმებით გაფორმდა. ორივე შედეგი კი დიპლომატიის გარეშე წარმოუდგენელია.

ვფიქრობთ, რომ უკრაინაში ომის მიმდინარე ეტაპის გათვალისწინებით, დასახელებული ორიდან ნებისმიერის მიღწევა უკიდურესად რთულია. კერძოდ, ჯერჯერობით ობიექტურად შეუძლებელია ომში მონაწილე მხარეთა შორის სამშვიდობო შეთანხმება. ეს შეუძლებელია იმდენად, რამდენადაც რუსეთი არ აღიარებს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტს, მის საერთაშორისო საზღვრებს და განაგრძობს ღია აგრესიას. გარდა ამისა, მწვავე პოლიტიკური საკითხების საბოლოო დარეგულირებასთან ერთად, სამშვიდობო შეთანხმება ასევე უნდა ეხებოდეს ისეთ თემებს, რომლებიც ჰუმანიტარულ, რეპარაციისა და სისხლის სამართლის დანაშაულებს უკავშირდება. თუნდაც წუთით გადავდოთ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, მკითხველი დაგვეთანხმება, რომ სამშვიდობო შეთანხმებისაკენ გადაულახავ დაბრკოლებად შეიძლება მხოლოდ ომის დანაშაულის ობიექტური გამოძიება და დამნაშავეთა დასჯაც კი იქცეს. თუმცა სამშვიდობო შეთანხმებაზე დღეს საუბარი ისედაც უსაფუძვლოა, რამეთუ უკრაინისა და რუსეთის პოზიციები პოლიტიკური პირობების თაობაზე რადიკალურად განსხვავდება, რაც ბუნებრივია. პოზიციების ამ უზარმაზარი განსხვავების კარგი მაგალითია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ამასწინანდელი ინტერვიუ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან, რომელშიც აგრესორის მიზნად კვლავინდებურად უკრაინის სრული კაპიტულაცია, ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა, დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია სახელდება. ცხადია, ეს ყოველივე სამშვიდობო მოლაპარაკებათა დასაწყებად, როგორც იტყვიან, non-starter (იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული) არის.

არსებულ პირობებში არანაკლები გამოწვევაა ცეცხლის შეწყვეტაზე დაზავება. აქ უმთავრესი საკითხია ზავის მდგრადობისა და შეუვალობის იმგვარად უზრუნველყოფა, რომ მან მოგვიანებით, ნებსით თუ უნებლიედ, დაპირისპირების ცხელი ფაზის უფრო მასშტაბური განახლება არ განაპირობოს. შემთხვევითი არ არის, რომ ცალკეულ წყაროში მეორე მსოფლიო ომსაც კი დაუსრულებელი პირველი მსოფლიო ომის გაგრძელებად მიიჩნევენ (და ეს მაშინ, როცა პირველი მსოფლიო ომის ზავი ოდნავ მოგვიანებით სამშვიდობო შეთანხმებებით ჩანაცვლდა).

აღნიშნულ წინააღმდეგობებზე საუბრისას მაინც შედარებით პოზიტიურ პრეცედენტს გავიხსენებთ, კერძოდ, კორეის ნახევარკუნძულთან დაკავშირებულ ზავს, რომლის დასადებადაც მხარეთა შორის დაწყებული კომუნიკაცია არათუ საბრძოლო მოქმედებების ჩაცხრობას, არამედ მათ ინტენსიფიკაციას დაემთხვა. მეტიც, მხარეებს ორი წლის ვადა დასჭირდათ, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე დაახლოებით ორმოცგვერდიანი შეთანხმების რეალურად ხელმოწერამდე მიეღწიათ. შესაძლოა აუდიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის არცთუ დამაჯერებელი, მაგრამ ალბათ ეს არის ერთგვარი არგუმენტი, რომ დიპლომატია აუცილებელი და პრაქტიკულად სასარგებლოა ნებისმიერი ტიპისა თუ მასშტაბის კონფლიქტისას.

აშკარაა ისიც, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მდგრადობას არაერთი პრაქტიკული კომპონენტი უნდა განაპირობებდეს. მათ, პირობითად, ორ ჯგუფად დავყოფდით, სადაც ერთი ჯგუფი საკუთრივ ასეთი შეთანხმების საოპერაციო მხარეს ეხება და მოიცავს, ვთქვათ, დემილიტარიზებულ ზონებს, მესამე მხარის (ან მხარეთა) გარანტიებს, სამშვიდობოთა ფუნქციონირებას, სადავო საკითხების გადაჭრის მექანიზმს და სხვ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების ენა იყოს რაც შეიძლება კონკრეტული და არ ტოვებდეს მხარეთა მიერ მისი ფართოდ ინტერპრეტირების საშუალებას; აგრეთვე ისიც, რომ დაზავების შეთანხმება მაქსიმალურად ხელს უწყობდეს მხარეთა შორის ორმხრივობას და ძალის გამოყენებისაგან მათ შეკავებას.

ე.წ. მეორე ჯგუფი უნდა ემსახურებოდეს უკრაინის სტიმულირებას გააფორმოს ასეთი შეთანხმება, ანუ ითვალისწინებდეს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა: ქვეყნისათვის სანდო და დამაჯერებელი უსაფრთხოების სისტემის ამოქმედება, უკრაინული ეკონომიკის აღსადგენად სერიოზული პროგრამა და სათანადო ინვესტიციები, რუსეთთან მიმართებით პირობადებული სასანქციო რეჟიმის შენარჩუნება, ქვეყნის საერთაშორისო საზღვრების მტკიცედ აღიარება, დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ჩათვლით.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ დიპლომატიის ადგილი არც უკრაინაში ომის მიმდინარეობისას არის „უადგილო“, ხოლო მისი მიჩუმათება ან გადადება პირდაპირ აისახება როგორც არსებული დაპირისპირების დინამიკაზე, ისე კონკრეტული ადამიანების ბედზე - სწორედ მათ ბედზე, რომლებიც ომისა და დიპლომატიის თეორიულ-პრაქტიკულ ასპექტებზე მსჯელობისას ასე ხშირად გვავიწყდება და უნებლიედ, მშრალ სტატისტიკას მივათვლით. ვფიქრობთ, რომ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ყველა ხერხი უნდა იქნეს ნაცადი, თუნდაც ის სრულიად ან ჯერჯერობით უპერსპექტივოდ მიგვაჩნდეს. ნებისმიერი სხვა მიდგომა ომის მასშტაბის ზრდასა და პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზიანს უშუალოდ დაუკავშირდება. უკრაინისათვის დროულ და ეფექტიან სამხედრო დახმარებასთან ერთად დიპლომატიური ზეწოლა თანაბრად კრიტიკული, ერთმნიშვნელოვნად გულწრფელი და მტკიცე უნდა იყოს, და არა მოჩვენებითი და სანახევრო. სხვაგვარად, როგორც ერთხელ უკვე ითქვა, მარცხი ჯერ თანდათანობით იმკვიდრებს ადგილს, ხოლო მერე კი ერთბაშად დგება.

დასავლეთის „იძულებითი გამოღვიძება“...

უდავოა, რომ დასავლეთმა კარგად გაიაზრა ის საფრთხე, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე ომი დასავლურ წესწყობილებას და საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემას უქადის. გაიაზრა, თუმცა რეალურ ქმედებებში სრულად და სრულფასოვნად ჯერაც ვერ ასახა.

სანქციებთან დაკავშირებული, ფაქტობრივად, პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომის კვალდაკვალ, დასავლურმა კოალიციამ რუსული რევიზიონიზმის აღსაკვეთად არაერთ სხვა ზომას მიმართა - პოლიტიკურით დაწყებული და სამხედროთი დასრულებული. ამისდა მიუხედავად, წარმოდგენა იქმნება, რომ რუსეთი დღესაც, თითქოსდა, უფრო მიზანმიმართულად მოქმედებს უკრაინაში გამარჯვებისთვის, ვიდრე დასავლეთი უკრაინელთა გამარჯვებისათვის. სადავო არ არის ჩვენი და უკრაინელების პარტნიორებისა და მოკავშირეების უპრეცედენტო კონსოლიდირება საერთო დღის წესრიგის ირგვლივ. ამავდროულად, ასევე საგრძნობია, რომ ასეთი კონსოლიდირება ყოველთვის დროულ და საკმარის პრაქტიკულ ქმედებებში ვერ აისახება. ამდენად, შემთხვევითი როდია, რომ კოალიციას კრიტიკულად მოეთხოვება ომის რეალურ საჭიროებებთან ადეკვატური მისადაგება, რათა უკრაინისათვის დახმარება არა მის გადარჩენაზე, არამედ ხელშესახებ წარმატებაზე იყოს ორიენტირებული.

მორიგი, მეტად არსებითი გამოწვევა, რომელიც უკრაინაში ხანგრძლივმა ომმა შეიძლება გააღვივოს, თვით დასავლეთის ქვეყნებში არსებული წინააღმდეგობრივი შიდა პოლიტიკური პროცესებია: რადიკალურ და პოპულისტურ დინებებს დასავლური საზოგადოება იზოლაციონიზმისკენ მიჰყავს. ამას ემატება ისეთი ფაქტორები (ზოგჯერ კი ფობიებიც), როგორებიცაა რუსეთთან ბირთვული ესკალაციის შიში, უკრაინისა და სხვა გარე კრიზისებზე სამობილიზაციო რესურსის ნაკლებობა, გლობალური ეკონომიკის რყევები (მათ შორის, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების მოწყვლადობა), საინფორმაციო ომი.

არ გვინდა ირონიად ჩაგვეთვალოს განცხადება, რომ უკრაინაში ომმა დასავლეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მიძინებული მდგომარეობიდან ან სულაც „კომფორტის ზონიდან“ გამოსვლისაკენ უბიძგა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და 2014 წლის ყირიმის ანექსიის გაკვეთილები ზერელედ იქნა გააზრებული და მათზე რეაგირება არასაკმარისად პრინციპული, ერთობ გასაშუალოებული (too slow, too little) გამოდგა. შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოსდა, დასავლეთი სტრატეგიულად კი ეკიდებოდა რუსეთის ფედერაციის განაპირა ქვეყნებს, მაგრამ აკეთებდა ამას არასაკმარისი დამაჯერებლობით და მიზანმიმართულობით. შედეგად, დასავლურ დოქტრინაში ე.წ „სტრატეგიული ბუნდოვანების“ ცნება იშვა, რომელიც უკვე ხსენებული „კომფორტის ზონიდან“ გაუსვლელად აქტიურობას გულისხმობდა.

როგორც აღვნიშნეთ, 2022 წლის 24-მა თებერვალმა ასეთი სანახევრო გეოპოლიტიკის წარმოება შეუძლებელი გახადა. აუცილებელი შეიქნა პრინციპული, გაბედული და დამაჯერებელი გადაწყვეტილებების მიღება. აუცილებელი, თუმცა... აი, სწორედ ეს არის ის „თუმცა“, რომელიც ზემოთ უკვე ძალზე მოკლედ განვმარტეთ და რომლითაც რუსული აგრესია თავის სამეზობლოში (ჯერჯერობით - სამეზობლოში) აქტიურად ცდილობს გეოპოლიტიკურ-გეოეკონომიკური დივიდენდების მიღებას. ამასწინათ ერთ-ერთმა წყარომ შენიშნა, რომ უკრაინაში ხანგრძლივი ომით რუსული საზოგადოების რუსული იმპერიალიზმისგან გამიჯვნას მივიღებთ, რაც თანაბრად არის საკამათოც და შესაძლებელიც. მაგრამ, არსებული შიდა და საგარეო წინააღმდეგობების გათვალისწინებით, ისიც საკითხავია, რამდენად აწყობს დასავლეთს ხანგრძლივი ომი. ამიტომ, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური რესურსების სწრაფი და სრულფასოვანი მობილიზების იმპერატივი უკრაინის პარტნიორი ქვეყნებისათვის შეუვალი რჩება: ეს არის ომის უმოკლეს ვადაში დასრულება მაქსიმალურად სასურველი შედეგით.

უკრაინის ომში შედეგზე ფოკუსირებული დასავლური პოლიტიკის წარმატებისათვის აგრეთვე საყურადღებოა „ნარატივთა ომში“ სწორი ნავიგაცია. ამ მხრივ, დეზინფორმაციის კლასიკური ნიმუში იმ განცხადებას ჰგავს, რომ უკრაინაში ომის შედეგისადმი რუსეთის ინტერესი დასავლურს აღემატება. როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მიგვაჩნია, რომ ამ აზრს გარკვეული საფუძველი მაინც აქვს. ამასთან ერთად, კიდევ უფრო დამაზიანებელია გარკვეულ მედია და საექსპერტო ჯგუფებში გამართული დისკუსია, სადაც აშშ-სა და ევროკავშირის საკვანძო პრიორიტეტებს ერთმანეთთან კონკურენციაში მოიაზრებენ, მაგალითისათვის: უკრაინა თუ ახლო აღმოსავლეთი ან, ვთქვათ, ევროპა თუ ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აუზი.

უკრაინაში პროცესების ნებისმიერი სხვა, არასასურველი გზით განვითარება ან ომში წარუმატებლობა მხოლოდ კიევის მარცხს არ უდრის: ის, ერთი მხრივ, ძალზედ საზიანო იქნება დასავლური პოლიტიკური და უსაფრთხოების სისტემის რეპუტაციისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, გააძლიერებს გლობალურად რევიზიონისტულ და ექსპანსიონისტურ ტენდენციებს. ამ ნაწილში აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის უილიამ ბერნსის ამასწინანდელი განცხადება გვახსენდება, სადაც მან აღნიშნა, რომ ახლა და ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისათვის ზურგის შექცევა ან დახმარების შეზღუდვა „ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება“ (ჟურნალი „ფორინ ეფეარზი“, 2024 წლის იანვრის გამოცემა).

გაგრძელება მეორე ნაწილში..

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S