ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების შესახებ დოკუმენტები მოამზადა
12/03/2024 18:08:13 მსოფლიო
ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების შესახებ დოკუმენტები მოამზადა. როგორც
ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოების პროექტები წინა გაფართოებების გამოცდილებასა და გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ეყრდნობა, და მათში “ინტეგრირებულია გაფართოების გადახედილი მეთოდოლოგია და გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობის განვითარება.”
ორივე ქვეყნისთვის აღნიშნული დოკუმენტები სამი ნაწილისგან შედგება: 1) პრინციპები რომლებიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს არეგულირებენ; 2) მოლაპარაკებების შინაარსი; 3) მოლაპარაკებების პროცედურა.
ევროკომისიის ცნობით, ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა დაიწყოს პროექტების შიდა განხილვა და დაამტკიცოს. ამის შემდეგ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა თითო ქვეყანასთან პირველ სამთავრობოთაშორის კონფერენციაზე ევროკავშირის შეთანხმებულ საერთო პოზიციას წარადგენს, რაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფორმალური დასაწყისი გახდება. მოლაპარაკებების ჩარჩოები სწორედ ამ ეტაპზე გასაჯაროვდება.
უკრაინისა და მოლდოვის შესახებ რეკომენდაციების შესრულებაზე ევროკომისია ზეპირ შუალედურ მოხსენებას წარუდგენს საბჭოს. ევროკავშირის საბჭო 21-22 მარტს შეიკრიბება.


