
რუსულმა სასამართლომ კალაშოვი პატიმრობიდან გაათავისუფლა
13/03/2024 13:48:05 მსოფლიო
რუსეთის კრასნოდარის ოლქის უსტ-ლაბინსკის სასამართლომ ე.წ. "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი, მეტსახელად შაქრო მოლოდოი" პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლა, იტყობინება რუსული მედია სასამართლოს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
როგორც განიმარტა, 70 წლის კალაშოვის ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იქნა მიღებული.
კალაშოვი 2006 წელს დუბაიში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს, სადაც მას ფულის გათეთრებისთვის 7,5 წელი მიუსაჯეს და 20 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა, ხოლო მოგვიანებით – ცხრა წელი. მაშინ ესპანეთის ხელისუფლებამ კალაშოვის ექსტრადიციის თაობაზე მოთხოვნები მიიღო რუსეთიდან და საქართველოდან. მოსკოვი აცხადებდა, რომ კალაშოვი რუსეთის მოქალაქე იყო და სასჯელი რუსეთში უნდა მოეხდინა. საქართველოში მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 18 წელი გამოძალვისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზებისთვის.
2011 წელს ესპანეთის ხელისუფლებამ ქართული მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ კალაშოვმა გადაწყვეტილება ესპანეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც მისი რუსეთში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. კალაშოვი 2014 წლის 29 ოქტომბერს რუსეთში დაბრუნდა. ის შსს-ში გამოკითხეს და გაათავისუფლეს.
ის ბოლოს 2016 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა მოსკოვის რესტორან Elements-ის მფლობელისთვის 8 მილიონი რუბლის გამოძალვა. კრიმინალურ გარჩევას სროლაც მოჰყვა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა.
კალაშოვს 2018 წელს გამოძალვისთვის 9,10 წელი წელი მიუსაჯეს. ვადა 2026 წელს იწურებოდა.