
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სომხეთის შესაძლო გაწევრიანებას ევროკავშირში
13/03/2024 19:17:09 კავკასია
13 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვას სთავაზობს. იტყობინება სომხური სააგენტო News.am.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 504-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო ოთხი, ხოლო კიდევ 32-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
დოკუმენტი, რომლის ავტორიც "ევროპის სახალხო პარტიის" ფრაქცია იყო, წარმოდგენილია როგორც ყველა ფრაქციის ერთობლივი ინიციატივა. მასში ევროპარლამენტის წევრებმა შესთავაზეს, განიხილონ სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.
„თუ სომხეთი დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მოპოვებით და გააგრძელებს მდგრადი რეფორმების გზას, რომელიც აძლიერებს მის დემოკრატიას, ეს შეიძლება გახდეს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი“, - ნათქვამია ერთობლივი რეზოლუციის პროექტში.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი სომხეთს თანამშრომლობის გაფართოებაში არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ პოლიტიკური დიალოგის, უსაფრთხოების, ხალხთა შორის კონტაქტებისა და სექტორული ინტეგრაციის სფეროებში.
რამდენიმე დღის წინ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თქვა, რომ ერევანი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას განიხილავს.
"სომხეთში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ბევრი ახალი შესაძლებლობის განხილვა და საიდუმლოს არ გავთქვამ, თუკი ვიტყვი, რომ არსებობს იდეა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას მოიცავს", -აღნიშნა მირზოიანმა.
მისი თქმით, "სომეხ ხალხს აქვს ევროპული მისწრაფებები":