
"სასამართლოს გუშაგი": იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა დატოვა
15/03/2024 08:48:20 სამართალი
"საქართველოს სასამართლოს გუშაგი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა დატოვა. ორგანიზაციის ცნობით, მისი წარმომადგენელი ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 მარტის სხდომას, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა – ბადრი შონიამ და პაატა სილაგაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვეს.
ბადრი შონია და პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან და სხდომაზე სწორედ ეს დასახელდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 13 წევრი დარჩა.
"ორი წევრის მიერ საბჭოს დატოვება უშუალოდ კანდიდატების შერჩევის დროს, აზიანებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესს. გარდა ამისა, აჩენს ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ წარმდგენი ორგანო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კვლავ ცდილობს, თავისი რიგებიდან დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა წარსულში", - აცხადებს ორგანიზაცია.