
უკრაინის მხარეს მებრძოლმა ჩეჩნებმა რუსეთში "დივერსიული ოპერაციების" დაწყება გამოაცხადეს
15/03/2024 09:11:38 კავკასია
უკრაინის მხარეს მებრძოლი ჩეჩნური ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მეთაურმა რუსტამ აჟიევმა გამოაცხადა რუსეთში დივერსიული მოქმედებების დაწყება - მან თქვა, რომ ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ გაათავისუფლებენ "დამოუკიდებელი იჩქერიის" ტერიტორიას. აგვისტოში მისმა რაზმმა მოახერხა რუსეთის ბელგოროდის რეგიონში შეღწევა და მინიმუმ ერთი სამხედრო სატვირთო მანქანის განადგურება,– იტყობინება "კავკაზ რეალიი".
აჟიევისა და იჩქერიის დევნილობაში მყოფი მთავრობის მეთაურის უფროსი ვაჟის შამილ ზაკაევის მიმართვა თავის გვერდზე იჩქერიის დევნილი მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალიმ-ფაშა სულთიხანოვმა გამოაქვეყნა.
მან თქვა, რომ სამხედრო დაზვერვის დანაყოფი უკვე "შევიდა რუსეთის სიღრმეში" და თავად მიმართვა ჩაიწერა ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე "ქალაქში ბრძოლების წინ". კადრებში ჩანს აყრილი გზა, ტყე და ბეტონის გალავანი.
„ჩვენ განვახორციელებთ დივერსიულ ოპერაციებს მანამ, სანამ სრულად არ გაათავისუფლებენ ჩვენს მიწებს, დამოუკიდებელი ჩეჩნეთის ტერიტორიას და რუსეთის ციხეებში უკანონოდ მყოფ ჩეჩნებს. დღეს ეს კრემლის ბანდა ცდილობს, მოაწყოს ყალბი არჩევნები ისევე, როგორც ოცდაათი წლის წინ ჩაატარეს ე.წ. არჩევნები და დაიწყეს უცხო მიწების დაპყრობის ბოროტი ამბიციების რეალიზება“, - აცხადებს ზაკაევი ვიდეოში.
ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერს რამზან კადიროვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი მებრძოლების განცხადებაზე.
- ბოლო დღეებში რუსეთის სასაზღვრო რეგიონებთან ბრძოლები დაფიქსირდა. უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსებმა განაცხადეს, რომ გაარღვიეს საზღვარი, რუსეთი ამას უარყოფს.
- 2022 წლის შემოდგომაზე, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ ახმედ ზაკაევმა აჟიევი დანიშნა შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილედ.
- ამჟამად ცნობილია, რომ ექვსი ჩეჩნური შენაერთი იბრძვის უკრაინის არმიის მხარეს: შეიხ მანსურის ბატალიონი (მეთაური მუსლიმ ჩებერლოევსკი); ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი (მეთაური ადამ ოსმაევი, ბატალიონის ქვეშ მოქმედებს „ადამის ჯგუფი“); სპეცდანიშნულების ბატალიონი (მეთაური - რუსტამ აჟიევი); შალენა ზგრაია (ყაზბეკ აბდურზაკოვი); სპეციალური ოპერაციების ჯგუფი და ხამზატ გელაევის ბატალიონი.