
ჩეჩნეთში განაცხადეს, რომ პუტინმა ხმების 98,99% მიიღო
18/03/2024 07:35:37 კავკასია
ჩეჩნეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა ხმების 98,99%-ით გაიმარჯვა, იუწყება რესპუბლიკის საარჩევნო კომისია.
„ჩეჩნეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ დაასრულა საუბნო კომისიების ოქმების დამუშავება რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრის შედეგების შესახებ. 2024 წლის 17 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: ვლადისლავ ანდრეევიჩ დავანკოვი - 0,15% (1154 ხმა); ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი - 98,99% (784840 ხმა); სლუცკი ლეონიდ ედუარდოვიჩი – 0,50% (3954 ხმა); ხარიტონოვი ნიკოლაი მიხაილოვიჩი – 0,29% (2262 ხმა)“, - იუწყება ჩეჩნეთის საარჩევნო კომისია.
აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო სიებში შეყვანილი 816 869 ამომრჩევლიდან 792 823-მა ამომრჩეველმა, რაც 97,06%-ია.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა. მან ხმების 87,3% მიიღო ოქმების 99%-ის დათვლის შემდეგ. ეს მისი მეხუთე ვადა იქნება, რომელიც 2030 წელს დასრულდება.
პუტინის შედეგი ყველაზე მაღალი იყო 2000 წლის შემდეგ. 2018 წლის წინა არჩევნებში ის ხელახლა აირჩიეს ხმების 76,7%-ით. 2020 წელს პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს, ხელისუფლებაში კიდევ ორი ვადით დარჩეს.
2022 წლის თებერვალში პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, ოპონენტები და თავისუფალი მედია რეპრესიებს დაუქვემდებარა.
რუსეთის პრეზიდენტის კენჭისყრა ასევე გაიმართა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში. დასავლეთის ქვეყნებმა დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხმის მიცემის მიზნით მათზე ზეწოლას ახდენდნენ. ოფიციალური მონაცემებით, იქ ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-მა ხმა პუტინს მისცა.
იხილეთ ასევე: ვინ ულოცავს პუტინს მეხუთე ვადით გაპრეზიდენტებას