„მოშნად" გაავრცელეთ - საჯარო მოხელეებს ანტიამერიკული სიუჟეტის გავრცელებას ავალებენ
18/03/2024 11:07:22 პოლიტიკა
საქართველოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" რეგიონების მიხედვით შექმნილ დახურულ ვოთსაფ-ჯგუფებში საჯარო მოხელეებს ტელეკომპანია "პოსტივის" მიერ მომზადებული ანტიამერიკული სიუჟეტის "მოშნად" გავრცელება დაავალა. ხსენებული მასალა ქართულ–ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის და საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაწეული დახმარების დისკრედიტაციას ცდილობს.
"აქცენტმა" გაცემული დავალების ამსახველი სქრინ/შოთი მოიპოვა:

ის, რომ აღნიშნულ სიუჟეტს რეგიონებში საჯარო უწყებებში დასაქმებული პირები კოორდინირებულად ავრცელებენ, ჩანს თავად ტელევიზიის ფეისბუქ-გვერდზეც. ასე, მაგალითად, პოსტს იწონებენ და აშეარებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დასაქმებული პირები:









როგორც "აქცენტისთვის" გახდა ცნობილი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საჯარო მოხელეებს ამა თუ იმ სტატიისა თუ სიუჟეტის მოწონება/გაზიარებას ავალებენ.
„აქცენტმა“ მოიპოვა ძველი სქრინ-შოთებიც, რომელიც აშშ-ის წინა ელჩის - კელი დეგნანის მადისკრედიტებელი პოსტების გავრცელება/მოწონებას ასახავს. აქვეა ამჟამინდელ ელჩ რობინ დანიგანის მადისკრედიტებელი სიუჟეტი, რომელიც საქართველოში მის ჩამოსვლამდე გავრცელდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. სწორედ ამ სიჟუეტის მოწონება-გაშეარება დაავალეს საჯარო მოხელეებს.




„ვიტყოდი, რომ ეს უფრო გამაფრთხილებელ „გასროლას“ გულისხმობს: არჩევნები მოდის და აშშ–ის ელჩს და დანარჩენებს რაიმე ილუზიები რომ არ გაუჩნდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ კამპანიას კვლავ არ შეატრიალებენ მათ წინააღმდეგ“,– ამგვარია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის, პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას ინტერპრეტაცია „აქცენტის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან გამომდინარე.
მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ანტიდასავლური კამპანია თითქოს ჩაცხრა, მაგრამ მისი აზრით, თუკი მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვებმა დაიწყეს მოთხოვნა, რომ თანასწორი საარჩევნო გარემო უნდა იყოს, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შევიდეს ისეთ კონკურენციაში, რომელიც გულისხმობს თანასწორ მდგომარეობას, „მმართველი გუნდის მთავარი გზავნილი ალბათ, იქნება, რომ „ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ძველ რელსებზე დავაბრუნოთო“.
იხილეთ ასევე: რატომ ალაპარაკდა თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობებში „სისუსტეებზე“
კვაშილავას დაკვირვებით, ამ კონტექსტში ჯდება პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, როდესაც მან შეადარა საქართველოსადმი ჩინეთისა და აშშ-ის დამოკიდებულება, ხაზი გაუსვა ჩინეთის მზარდ ინტერესს, ხოლო აშშ-ის შემცირებულს. ამ შემთხვევაში გზავნილია:
„ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, გვყავდეს სხვა დასაყრდენიც და თუ თქვენ არ იქნებით ჭკვიანად, შეგვიძლია, მოსახლეობის დიდ ნაწილს შევაძულოთ ამერიკის შეერთებული შტატები, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იყავით საქართველოს მთავარი დამხმარე ამ წლების განმავლობაში. ჩვენ ვაკონტროლებთ საზოგადოებრივ აზრს, ამიტომ, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტნიორები, რომელთანაც თქვენ შეგიძლიათ თანამშრომლობა. თანამშრომლობა კი იმას გულისხმობს, რომ როდესაც ჩვენ პარტიის საქმეს ვაკეთებთ, უნდა იყოთ ჩუმად და არ გააპროტესტოთ“.
იხილეთ ასევე: მოსკოვის მადაზე ზემოქმედების პეკინის მოიმედეთა ილუზიები
თავად აშშ–ის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის ჩინეთით „ჩანაცვლება“, შესაძლოა, ილუზიაა, მაგრამ კვაშილავა მიუთითებს, რომ „თუ ამას ხალხი დაიჯერებს, შემდეგ უკვე სოციალური ფაქტი გახდება“:
„ესაა აქ ცენტრალური მნიშვნელობის. და თუ ხალხმა დაიჯერა, „ოცნებას“ შეეძლება, პარტნიორებს უთხრას, რომ „ჩვენ შეგვიძლია, ქართველი ხალხის განწყობები მომენტალურად შევცვალოთ. ამიტომ, თუ გსურთ საქართველო პარტნიორად, სჯობს ჩვენს ნებას დაჰყვეთ და უზრუნველყოთ ის, რომ ჩვენ განუსაზღვრელი დროით შეიძლება ვიყოთ ხელისუფლებაში“.
რაც შეეხება პროპაგანდის გამავრცელებლად შერჩეულ სეგმენტს, კვაშილავას დაკვირვებით, დედაქალაქში და ისეთ რეგიონებში, სადაც საჯარო მოხელეს სხვა იდენტობაც გააჩნია, შემოსავლის სხვა წყაროც აქვს, მეტად დამოუკიდებელიცაა, შესაბამისად, შეუძლია, ამგვარ პროპაგანდას მხარი არ დაუჭიროს.
მან გაიხსენა, რომ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტისას და „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მარტის ცნობილი აქციების დროს ბევრი საჯარო მოხელე იდგა რუსთაველზე დანარჩენ დემონსტრანტებთან ერთად, მაგრამ „ნაკლებად საკრებულოების წარმომადგენლები, მით უფრო რეგიონებიდან, რადგან ისინი (ვინაიდან დასაქმების სხვა საშუალებები არ არსებობს), ეკონომიკურად მეტად არიან დამოკიდებული მთავრობის ნებაზე, „ამიტომაც, ასეთი რევანშისტული და აბსურდული პროპაგანდა ადვილად და უფილტროდ ვრცელდება ხოლმე“. მიზანი კი ინფორმაციული ველის პროპაგანდით გაჯერებაა, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანი მოიცვას და ბევრმა ისაუბროს მასზე.


