პრემიერი განმარტავს, რატომ გაეზარდა საპატრიარქოს დაფინანსება 60 მლნ ლარამდე

19-03-2024 12:26:04 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ბიუჯეტის გაზრდაზე ამბობს, რომ „გარკვეული საჭიროებების” გამო აუცილებელი გახდა დაფინანსებისთვის 5 მლნ ლარის დამატება. საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაფინანსებამ 60 მილიონ ლარს მიაღწია.

„საპატრიარქოს დაფინანსებას რაც შეეხება, 30 მილიონი იყო საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის გამოყოფილი, ანუ კონკრეტული მიზნობრიობა აქვს, მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისკენ. 30 მილიონი იყო გამოყოფილი, თუმცა, გარკვეული საჭიროებები იყო, რის გამოც, აუცილებელი გახდა 5 მილიონით შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდა, რაც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა, ანუ მთლიანობაში იყო 30 მილიონიანი დაფინანსება, 5 მილიონი დავამატეთ, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამები სათანადოდ განხორციელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, "ხომ არ უკავშირდება აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნოდ ხმების მობილიზებას?", პრემიერმა უპასუხა, რომ ამას „არჩევნებთან კავშირი არ აქვს“:

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ამიტომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახან, არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით, საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს, 25 მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მილიონიანი ასიგნება, რომელიც საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს ხმარდება და ეს დაფინანსება დამატებით, 5 მილიონით გაიზარდა. ეს ყველაფერი გამჭვირვალეა, საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე, 50-ია დაახლოებით, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და არის, სასკოლო დაწესებულებები, რამდენიმე ასეთი ათეული დაწესებულებაა, მთლიანობაში 5 მილიონით მოხდა მათი დაფინანსების გაზრდა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები