Accentnews.ge
"წარმოჩენა, რომ ხალხი ტოვებს საქართველოს, დეზინფორმაცია არის" – ოხანაშვილის მტკიცება და საქსტატის მონაცემები

"წარმოჩენა, რომ ხალხი ტოვებს საქართველოს, დეზინფორმაცია არის" – ოხანაშვილის მტკიცება და საქსტატის მონაცემები

19/03/2024 10:59:28 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატის ანრი ოხანაშვილი განცხადებით, "წარმოჩენა, რომ ხალხი ტოვებს საქართველოს, არის დეზინფორმაცია".

მისი მტკიცებით, "თითქმის იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული".

რას ამბობს ოხანაშვილი

"ეს ხომ მარტივი მანიპულაციაა - როდესაც ამბობ, რომ ადამიანი გადის, საზღვარს ტოვებს და თუ არ იტყვი, რამდენი შემოდის, აქ განცდა ჩნდება, რომ ადამიანი წავიდა და თითქოს არ დაბრუნებულა. ეს არის ტყუილი, ეს არის დეზინფორმაცია. "ნაციონალური მოძრობის" წარმომადგენლები ცდილობენ, წვალობენ, რომ ის კონკრეტული საკითხები, რომელიც, რეალურად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, გადააფარონ მათთვის პოლიტიკურად საჭირო საკითხებით და აქაც მანიპულაციას მიმართავენ. თუ სტატისტიკას ნახავთ, იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული თითქმის", - განაცხადა ოხანაშვილმა.

რას ამბობს საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელს საქართველო 125 000–მა პირმა დატოვა, მათ შორის 101 000 ქართველი იყო. ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით, 21 ათასით მეტია.

ემიგრანტებს შორის პირველ ადგილზე საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ხოლო იმიგრანტებს შორის პირველ ადგილზე – რუსეთის მოქალაქეები. ანუ 2022 წელს საქართველოში რუსი უფრო მეტი დაბრუნდა, ვიდრე ქართველი.

კერძოდ, მოქალაქეობის მიხედვით, იმიგრანტების რაოდენობა ასე განაწილდა:

  1. რუსეთის ფედერაცია - 62,304 ადამიანი;
  2. საქართველო - 54,405 ადამიანი;
  3. უკრაინა - 20,716 ადამიანი;
  4. ბელარუსი - 13,361 ადამიანი;
  5. ინდოეთი - 3,948 ადამიანი.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად?

ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება იმიგრანტად?

პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).

საქსტატს მიგრაციასთან დაკავშირებით 2023 წლის ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S