შს მინისტრი: 2023 წელს წინა წელთან შედარებით, 2%-ზე მეტით გაიზარდა ავარიების რაოდენობა
20/03/2024 09:52:15 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით 2%-ზე მეტით გაიზარდა ავარიების რაოდენობა. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც გამკაცრდა სანქციები სიჩქარის გადაჭარბებაზე, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე და ზამთრის საბურავების გარეშე მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილებაზე. გამკაცრებული კანონის, გაზრდილი ჯარიმების და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებული არაერთი აქტივობის შედეგად, გასულ წელს სამი კვარტლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ იკლო. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეოთხე კვარტალში ამ მიმართულებით არსებული სტატისტიკა გაუარესდა. 2023 წელს წინა წელთან შედარებით 2%-ზე მეტით გაიზარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა, (2022 წ. - 5469, ხოლო 2023 წ.- 5594). 3%-მდეა შემცირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო, ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი", – განაცხადა მან.
მისი თქმით, გზებზე სიჩქარის კონტროლისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად 2023 წელს ამოქმედდა 883 ვიდეოკამერა, მათ შორის 672 ზოგადი ხედვის, ხოლო 211 ნომრის ამომცნობი.
„ქვეყნის მასშტაბით სისტემაში ჯამში 7419 ვიდეოკამერაა ჩართული. რაც შეეხება სიჩქარის კონტროლის სექციებს, 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა 168 სექცია, რომელიც 447 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთს ფარავს. შედეგად, საქართველოს მასშტაბით სულ მოწყობილია 574 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რაც ჯამურად ფარავს 2024-კილომეტრს”, – განაცხადა გომელაურმა.