
შს მინისტრი გინტურის მკვლელობის შემდეგ "რაღაცების გაძლიერებაზე" იუწყება: "არ მინდა, ღიად ვისაუბრო"
20/03/2024 13:06:14 სამართალი
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ჰკითხა, "თუ რატომ არ მიმდინარებს პატრულირება საოკუპაციო ხაზთან".
კითხვაზე პასუხის გაცემისას მინისტრმა თამაზ გინტურის მკვლელობის ნაცვლად, "გარდაცვალება" ახსენა და განაცხადა, რომ "რაღაცები გააძლიერეს", თუმცა რა იგულისმება აღნიშნულში მან "ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს" არგუმენტით არ დააზუსტა.
„ქალბატონო ნატო, არ ვიცი, თქვენ ვინ მოგახსენათ, არ მიმდინარეობს პატრულირება და არ მუშაობენ ადამიანები. მიმდინარეობს პატრულირება და ბევრი რაღაც კეთდება. ღიად ყოველთვის ვერ ვისაუბრებთ, რა კეთდება და როგორ კეთდება. მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზია. [...] დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება, მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გავაკეთოთ. მაშინ, შსს 40 000 კი არა, 100 000 თუ გავხდებით კი, ბატონო, მერე გავაკეთებთ, თუმცა ეს ფიზიკურად ვერ მოხდება. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მარტო აშშ კი არა ყველა, ბევრი, ევროპული და მათ შორის აზიური ქვეყნებიც. 100%-იანი დაკეტვა მე მგონი, მარტო ჩრდილოეთ კორეაშია. გადაკეტილი აქვთ მთელი საზღვრები. მეტს, მსოფლიოში ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, რომ საზღვრები 100%-ით დახურული აქვს, მით უმეტეს, საოკუპაციო ხაზი, სადაც ჩვენი მოქალაქეებიდან ზოგი იქით გადადის, ზოგს ნათესავი ჰყავს, ზოგი სასაფლაოზე გადადის, სამწუხაროდ, არ უშვებენ და აკავებენ. ეს პრობლემა დგას. თქვენ თუ იცით, გამოსავალი, რომ ასე შეიძლება გაკეთდეს, სიამოვნებით მოგისმენდით. ბევრი გვიმუშავია, მათ შორის პარტნიორებთანაც, არა მარტო ქართველებთან. ამის გამოსავალი არ ვიცი, ვერავინ გვეუბნება და თქვენ თუ გვეტყვით, მადლობელი ვიქნებით. მესმის, რომ შეიძლება, უფრო მეტი შევძლოთ, მეტი გავაკეთოთ. თუმცა, იმ გარდაცვალების შემდეგ კიდევ დავამატეთ და რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო. ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს, რას, როგორ ვაკეთებთ“, - განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის: 2023 წლის 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.