
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სოციალური მუშაკების დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
21/03/2024 07:08:33 საზოგადოება, რეკლამა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს დღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური მუშაობის სპეციფიკა და პრაქტიკული გამოცდილება ბიუროს სოციალურმა მუშაკებმა გააცნეს.
სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რომელსაც სოციალური მუშაკები ახორციელებენ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის მიღწევის მიზნით. საუბარი შეეხო ისეთი ტიპის საქმეებს, სადაც მხარეს მოწყვლადი კატეგორია წარმოადგენს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური მუშაკები თითოეულ საქმისწარმოებას ინდივიდუალურად უდგებიან. იკვლევენ მხარეების სოციალურ მდგომარეობას, ახდენენ მათ რეფერირებას, უზრუნველყოფენ მხარეთა შორის კომუნიკაციას, სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების ხელმისაწვდომობას.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მედიაციის დეპარტამენტი 2015 წელს შეიქმნა და ის დაკომპლექტებულია მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებისა და სოციალური მუშაკებისგან. მათი აქტიური ჩართულობით, საქმეთა დიდი ნაწილი ნებაყოფლობით და მხარეთა მორიგებით სრულდება.