29-03-2024 16:15:36 ევროპა ,მსოფლიო
აუცილებელია, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები შეეგუონ მოახლოებული ომის ფიქრით ცხოვრებას, რადგან რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
„ამჟამად ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ აბსოლუტურად ნებისმიერი სცენარი შესაძლებელია. ასეთი მდგომარეობა 1945 წლის შემდეგ არ გვქონია. ვიცი, რომ ეს კატასტროფულად ჟღერს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ადამიანებისთვის, მაგრამ გონებრივად უნდა შევეჩვიოთ ახალი ეპოქის დადგომას - ომამდელი ეპოქის“, - განაცხადა ტუსკმა საერთაშორისო გამოცემებთან ინტერვიუში.
მან გაიხსენა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ ჯერ კიდევ 2009 წელს აფრთხილებდა პარტნიორებს, თუმცა, მაშინ „ხალხმა მხრები აიჩეჩა – რა თქმა უნდა, პოლონელები რუსოფობიო“, მაგრამ ახლა ევროპის დედაქალაქებში ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება იცვლება, – თქვა ტუსკმა.
თუმცა არიან გამონაკლისებიც: ტუსკის თქმით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ცოტა ხნის წინ სთხოვა, რომ სიტყვა "ომი" არ გამოეყენებინათ ოფიციალურ განცხადებებში, რათა არ გამოიწვიონ ზედმეტი შეშფოთება აბსტრაქტული სიტყვებით. „მე ვუპასუხე, რომ ევროპის ჩემს ნაწილში ომი აღარ არის აბსტრაქცია და რომ ჩვენი მოვალეობაა არა განხილვა, არამედ მოქმედება და თავდაცვისთვის მომზადება“, - თქვა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ამ დროისთვის ევროპის მთავარი ამოცანა უკრაინის დაცვა და მისი, როგორც დამოუკიდებელი და მთლიანი სახელმწიფოს შენარჩუნებაა. ამასთან დაკავშირებით ტუსკმა მოუწოდა ევროპელებს, მეტი დახარჯონ თავდაცვაზე და გაიხსენა, რომ ნატოს ფუნდამენტური პრინციპის მიხედვით, ამ მიზნებისთვის მშპ-ს მინიმუმ 2% უნდა მიმართონ.
უკვე არაერთმა დასავლელმა ლიდერმა და ნატო–ს მაღალჩინოსანმა განაცხადა თავდაცვისთვის მზადების აუცილებლობაზე რუსეთიდან მომავალი მზარდი საფრთხის ფონზე.