ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში ჩატარებულ იდეათონში რჩეული გუნდები გამოვლინდნენ

30-03-2024 22:25:46 რეგიონები ,რეკლამა

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში ჩატარებულ იდეათონში რჩეული გუნდები გამოვლინდნენ.

ქუთაისის მერიის ცნობით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იდეათონი 29-30 მარტს მიმდინარეობდა. ორი დღის განმავლობაში 9 ახალგაზრდულმა გუნდმა იმუშავა და ჟიურის წარუდგინა იდეები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ქუთაისის ეკო სმარტ ქალაქად ტრანსფორმაციას.

"ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელი „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო პროექტია, რომელიც ჩვენს ქალაქში ხორციელდება. ამ პროექტის ეფექტურობისათვის უმნიშვნელოვანესია მასში ახალგაზრდების ჩართულობა, მათი კრეატული და ინოვაციური იდეები ხელს შეუწყობს ქუთაისის, როგორც ეკო სმარტ ქალაქის განვითარებას, ეკო-მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას და ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას ვიზიტორებისთვის. ორი დღის განმავლობაში, იდეათონის მონაწილეებმა ბევრ საინტერესო იდეაზე იმუშავეს, მათ შორის საუკეთესოებს კი, მომდევნო ეტაპზე , ქუთაისის მერიის და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, რეალობად ვაქცევთ. იდეათონზე გამოყენებითი ეკოინოვაციების აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით", - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

იდეათონის ორგანიზატორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების: ქუთაისის მერიის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, კომპანია "პოდკასტი ტექ-თოქის" რჩეულები გახდნენ და შესაბამისი პრიზები და სიგელები გადაეცათ გუნდებს: Eco Park Stewards, ადლერი, ეკო-შოკი, INT-Max, მშენებლები, მხატვარი. საუკეთესო იდეებს მიეცა რეკომენდაცია, რომ ქალაქში განხორციელდეს. ღონისძიება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა.

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელზე „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ მუშაობა ევროკავშირი-UNDP-ის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები