
საძოვრების გარეშე დარჩენილ სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობას, გორის მერი სასამართლოში ამისამართებს
23/12/2019 08:03:18 კონფლიქტები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა გორის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივების თქმით, ოკუპირებულ ხაზთან მდებარე სოფელი, რომელსაც საძოვრების დიდი ნაწილი ოკუპაციის შედეგად ისედაც აღარ აქვს, 20 ჰექტრამდე მიწის ფართობის გასხვისების შემთხვევაში საძოვრების გარეშე დარჩება. ჯარიაშენის მოსახლეობა ხსენებულ ფართობზე მეიჯარის მხრიდან დაწყებული სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.
გორის მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ეს ფართობი, რომელზეც ჯარიაშენის მოსახლეობა მიუთითებს, არა ჯარიაშენს, არამედ ახალუბანს ეკუთვნის და ის 30-წლიანი იჯარით 2003 წელს გასხვისდა. გორის მუნიციპალიტეტის მერი კოტე თავზარაშვილი მოსახლეობას სამართლებრივი გზებით ბრძოლას ურჩევს და აცხადებს, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება იქ სამუშაოები შეაჩეროს.