02-04-2024 11:16:40 მსოფლიო
30 მარტს ავდეევკას მიმართულებით რუსეთის არმიამ სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ უკრაინის პოზიციებზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატანკო შეტევა განახორციელა. რუსებმა ტანკების მესამედი დაკარგეს და წინსვლა არ ჰქონიათ,– ამის შესახებ უკრაინელი ბლოგერები იტყობინებიან, ასევე წერს Forbes საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
"როდესაც კვამლი გაიწმინდა, რუსებმა თავიანთი ტანკების მესამედი ავდეევკას ნანგრევების დასავლეთით, გზაზე დატოვეს." - აღნიშნავს გამოცემა.
გამოცემა მიუთითებს, რომ რამდენიმე კვირით ადრე რუსები ძირითადად ქვეითებს იყენებდნენ ქალაქის დასავლეთით შეტევისთვის, რადგან ავდეევკის აღებისას განცდილი დიდი დანაკარგების შემდეგ, ასევე განიცდიდნენ ტექნიკის დეფიციტსაც. თუმცა ბოლო დღეებში მათ კვლავ გამოიყენეს ჯავშანტექნიკა ხსენებული მიმართულებით, მათ შორის ტანკები.
36 ტანკი და 12 ქვეითთა საბრძოლო მანქანა რუსული არმიის მე-6 სატანკო პოლკიდან, რომელიც 90-ე სატანკო დივიზიის ნაწილია, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტონენკოიიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად სოფელ უმანსკოეამდე მიმავალ გზას დაესხა თავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადამ რუსების კოლონა შენიშნა და 12 ტანკი და 8 ქვეითთა საბრძოლო მანქანა გაანადგურა.
Forbes-ის ვარაუდით, ძირითადი საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, უკრაინულ ბრიგადებს მაინც შეუძლიათ თავდაცვის ორგანიზება ნაღმების, არტილერიის, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების და დრონების გამოყენებით.