02-04-2024 23:08:10 პოლიტიკა
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმებას.
ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს.
მათივე განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება 2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას მიიღოს განსაკუთრებულ ზომები კაცების და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად:
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღების კანონზე და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კონსტიტუციის ცხადად დეკლარირებული ნებაა, მიანიჭოს სახელმწიფოს სქესთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფისა და არსებული უთანასწორობის აღმოფხვრისათვის გარკვეული პოზიტიური ქმედებების განხორციელების ლეგიტიმაცია. სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ პარლამენტში ქალების წარმომადგენლობის გაზრდა წარმოადგენს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტიდან მომდინარე მნიშვნელოვან კონსტიტუციურ მიზანს".
ორგანიზაციები მიუთითებენ გასულ წლებში ჩატარებულ არჩევნებზე და აღნიშნავენ, რომ სავალდებულო გენდერული კვოტის მოქმედების შედეგად, ქალთა წარმომადგენლობა 3%-ით 19.1%-მდე, ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 13.8%-დან 24%-მდე გაიზარდა:
"თუმცა, ეს მაჩვენებელი ჯერ ისევ ვერ აღწევს ქალთა წარმომადგენლობის კრიტიკულ მასას - 40%-ს. 2023 წლის გლობალური გენდერული ინდექსის მიხედვით, საქართველო 76-ე ადგილს იკავებს 146 ქვეყანას შორის, ხოლო პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით 125-ე ადგილზეა".
პირველ აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა „გირჩის“ კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. მოგვიანებით გაირკვა შეთანხმების შესახებ, რომელიც თანახმად, უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას, სანაცვლოდ, „გირჩი“ ხმას მისცემს „ოცნებისთვის“ სასურველ კანდიდატს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის დროს.