
SJC: როგორ იღებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ყოველთიურად ათასობით ლარს ორმაგი დანამატის სახით
03/04/2024 10:48:48 საზოგადოება
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ შრომის ანაზღაურების გაუმჭვირვალობის პრობლემა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გამწვავდა,– აცხადებენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".
ორგანიზაციის დასკვნით, მოსამართლეების შრომის ანაზღაურების განსაზღვრის პროცესში ძირითად ხარვეზებს წარმოადგენს:
- დანამატების გაცემა უსაფუძვლოდ და რეგულარულად - საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლე ყოველთვიურად იღებს დანამატს, რაც ეწინააღმდეგება დანამატის რეალურ − დამსახურებაზე დაფუძნებულ ბუნებას. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ორმაგ და ცალკეულ შემთხვევებში, სამმაგ დანამატსაც კი იღებენ. (მოსამართლის ყოველთვიური დანამატი, საბჭოს წევრობის დანამატი და ცალკეულ თვეებში გაცემული ე.წ. “სადღესასწაულო” დანამატი).
- დაუსაბუთებლად დანამატების ოდენობის სისტემატური ზრდა - მოსამართლეების ყოველთვიური დანამატები, როგორც წესი, წლიდან წლამდე არსებითად იზრდება. მაგალითისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2023 წელს ყოველთვიური დანამატის სახით 5250 ლარს იღებდა, 2024 წელს დანამატის ოდენობამ 7825 ლარი შეადგინა.
- საჯარო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა - კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა განთავსდეს საბჭოს ვებგვერდზე, თუმცა 2023 წლის ივნისის შემდეგ საბჭო მიღებულ გადაწყვეტილებებს არც ვებგვერდზე აქვეყნებს და არც საჯარო ინფორმაციის სახით გასცემს.
- ფინანსური წახალისების თვითნებური პრაქტიკით მოსამართლეების ნებაზე გავლენის საფრთხეები - კანონმდებლობა მოსამართლეების მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს ოდენობას განსაზღვრავს, დანამატების გაცემის საკითხი კი არაა დეტალურად მოწესრიგებული. საბჭოში კონცენტრირებული ისედაც ჭარბი ძალაუფლების ფონზე, შრომის ანაზღაურების მოწესრიგებისა და გაცემის ფართო დისკრეცია, რომელიც პრაქტიკაში ბუნდოვნად და გაუმჭვირვალედ გამოიყენება, პირდაპირ აძლიერებს სასამართლოში კლანურობისა და ინდივიდუალურ მოსამართლეებზე არასათანადო გავლენების რისკებს. უზენაესი სასამართლოსგან მიღებული ინფორმაციით, დანამატებს ის მოსამართლეებიც იღებენ, რომელთა დატვირთულობა არსებითად ჩამორჩება სხვა მოსამართლეებზე განაწილებული საქმეების რაოდენობას. მაგალითისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს - გიორგი მიქაუტაძეს 2023 წელს მხოლოდ 6 საქმე დაეწერა. ამის მიუხედავად ის ყოველთვიურად იღებს დანამატს 7315 ლარის ოდენობით.
ორგანიზაციას მაგალითებიც მოჰყავს:
ნინო ქადაგიძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ცენტრი მიუთითებს, რომ ქადაგიძის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობა, წინა წელთან შედარებით 2575 ლარით არის გაზრდილი და 16 025 ლარს შეადგენს.
◾ მოსამართლის დანამატი (გასცემს უზენაესი სასამართლოს პლენუმი);
◾ საბჭოს წევრობის დანამატი (გასცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭო)
ორივე დანამატს მოსამართლეები თავად უწერენ საკუთარ თავებს წინასწარ, ყოველი თვისთვის.
"ნინო ქადაგიძე ერთ-ერთი ის მოსამართლეა, რომლის დატვირთულობაც საიდუმლოა, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ ის საქმეებს საერთოდ არ განიხილავს. როგორც წესი, ქადაგიძე არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეხვედრებს ესწრება. ამ ფონზე, კიდევ უფრო დაუსაბუთებელია მის მიერ საკუთარი თავის ფინანსური წახალისება",– აღნიშნავს ცენტრი.
ლევან თევზაძე – უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
ლევან თევზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსამართლეთა კონფერენციამ 2024 წლის 24 მარტს აირჩია.
"ის თანამდებობაზე ყოფნის პირველივე თვეს მიიღებს ორმაგ დანამატს, რაც ცხადყოფს, რომ დანამატები არა დამსახურების მიხედვით, არამედ უსაფუძვლოდ და მექანიკურად გაიცემა საბჭოს წევრების მიმართ".
ქეთევან ცინცაძე – უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
ქეთევან ცინცაძე, ისევე როგორც საბჭოს სხვა წევრები, ხელფასთან ერთად, ყოველთვიურად, ორმაგ დანამატს იღებს:
"ქეთევან ცინცაძის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობა, წინა წელთან შედარებით, 2270 ლარით არის გაზრდილი".
ლევან მიქაბერიძე – უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
ცენტრი მიუთითებს, რომ ლევან მიქაბერიძე ისევე როგორც საბჭოს სხვა წევრები, ხელფასთან ერთად, ყოველთვიურად, ორმაგ დანამატს იღებს. ლევან მიქაბერიძის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობა, წინა წელთან შედარებით, 2270 ლარით არის გაზრდილი.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურება გაუმჭვირვალედ არა მხოლოდ საბჭოს წევრების, არამედ საერთო სასამართლოების ზოგიერთი მოსამართლისთვისაც გაიცემა.
გიორგი მიქაუტაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეს გიორგი მიქაუტაძეს 2023 წელს, ისევე როგორც წინა წელს, მხოლოდ 6 საქმე დაეწერა, რაც დაახლოებით 16-ჯერ ჩამორჩება იმავე პალატაში სხვა მოსამართლეებზე ყოველწლიურად განაწილებული საქმეების რაოდენობას. ამის მიუხედავად, მიქაუტაძე ყოველთვიურად იღებს ხელფასზე მაღალ დანამატს.
შალვა თადუმაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
"უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს-შალვა თადუმაძეს 2023 წელს მხოლოდ 19 საქმე დაეწერა, რაც დაახლოებით 12-ჯერ ჩამორჩება იმავე პალატაში სხვა მოსამართლეებზე ყოველწლიურად განაწილებული საქმეების რაოდენობას. ამის მიუხედავად, თადუმაძე ყოველთვიურად იღებს ხელფასზე მაღალ დანამატს",– აღნიშნავს ორგანიზაცია.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ხაზს უსვამს, რომ მიესალმება მოსამართლეებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნას, მათ შორის არსებული სახელფასო განაკვეთის კანონის დონეზე ახლებურად მოწესრიგების გზით. ამავდროულად, ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითნებობისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია:
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელება და მოსამართლეებისთვის თანამდებობრივი სარგოს ღირსეული და სამართლიანი ოდენობის კანონით განსაზღვრა;
- დანამატების გაცემის საფუძვლების დეტალური გაწერა საკანონმდებლო დონეზე;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე დანამატების შესახებ მიღებული დადგენილებების საჯაროდ გამოქვეყნება;
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდა მოსამართლეთა დატვირთულობისა და მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.