
ვაჟა გაფრინდაშვილის მომავალი – რას ფიქრობენ მოსკოვსა და ცხინვალში
23/12/2019 13:57:48 კონფლიქტები
ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი – 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა. ოსური მხარე მას „საქართველო–სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას“ ედავება. რას ფიქრობენ ამ რეზონანსულ საქმეზე მოსკოვსა და ცხინვალში?
რუსი პოლიტოლოგ ნიკოლაი სილაევის აზრით, მოსკოვში კარგად აცნობიერებენ სარეპუტაციო რისკებს, რომლის წინაშეც ეს საქმე თავად რუსეთს აყენებს და სულ მცირე, თეორიულად მაინც რჩება ვაჟა ექიმის შეწყალების შესაძლებლობა.
მისივე აზრით, „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისთვის უკვე შექმნილი სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა ვაჟა გაფრინდაშვილის გაშვებაა, რისთვისაც შესაფერისი იურიდიული ფორმა უნდა მოიძებნოს“.
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეტისმეტად მკაცრი სასამართლო გადაწყვეტილება ცხინვალის გაღიზიანების შედეგია, მათ შორის იმით, რაც მის საზღვრებთან ხდება, ასევე სხვადასხვა სახის შენიშნვებითა და შეხსენებებით, რომელთაც რესპუბლიკის ხელმძღვანელობა როგოც საჯარო, ისე არასაჯარო არხებით იღებს და იმითაც, რაც რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში ხდება. თუმცა გაღიზიანება – ეს პოლიტიკა არ არის. ცხადია, ცხინვალი არ არის დაინტერესებული მოსკოვისა და თბილისს შორის ურთიერთობების რაიმენაირი გაღრმავებით, ვინაიდან ეს სამხრეთ ოსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, თუმცა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები ამჟამად იმ მდგომარეობაშია, რომ პოზიტიური მიმართულებით რაღაც მეტ–ნაკლები ძვრა მაინც იქნება. ამ ვითარებაში, ჩემი აზრით, სამხრეთ ოსეთისთვის მნიშვნელოვანია, ამ პროცესში საკუთარი როლი იპოვოს, გარდა სპოილერის როლისა, რომელიც ამჟამად გააჩნია. ის, რაც გაფრინდაშვილის ირგვლივ ხდება, მოგვაგონებს რეფლექტორულ რეაქციას, რომელშიც ძალიან ცოტაა ანალიზი, აწონილ–დაწონილი ნაბიჯები. ვფიქრობ, სამხრეთ ოსეთს რუს დიპლომატებთან კონსულტაციების გზით შეუძლია, იპოვოს საკუთარი ადგილი რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებაში“, – აცხადებს სილაევი.
თავად ცხინვალში საზოგადოებივი აზრი ექიმის წინააღმდეგაა მიმართული – „ვაჟა გაფრინდაშვილმა მოსამართლე შეურაცხჰყო და ამაზე პასუხი უნდა ეგოო“. ხალხს აღიზიანებს საუბრები „ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არარსებულ სამხრეთ ოსეთზე“ და ა.შ.
სხვა საკითხია, რამდენად ადეკვატური იყო სასჯელი: უმრავლესობის აზრით, 15 დღე–ღამე ან ეს ორი თვე, რომლითაც მას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, სრულიად საკმარისი სასჯელი იქნებოდა.
ამასთან, როგორც „ეხო კავკაზას“ ადგილობრივი მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი აღნიშნავს, რიგითი მოქალაქეები მიანიშნებენ გაფრინდაშვილის საქმის დეტალებზე, რომელიც დღემდე გაურკვეველი რჩება. მაგალითად, ის, თუ რა მიზნით ჩავიდა იგი ოკუპირებულ რეგიონში. ვერსიის, რომ იგი სალოცავად მიდიოდა, აქ ნაკლებად სჯერათ, ისევე, როგორც „ქართული მხარის მცდელობებისა, ექიმი ჯეიმს ბონდად წარმოაჩინოს".
ეჭვს იწვევს, მისი ინფორმაციით, ადგილობრივებში იცის, რომ ექიმის ახლობლები დე ფაქტო საზღვართან აქციას მართავენ და „გადამწყვეტ ზომებზე“ საუბრობენ ადვოკატს კი მედიასთან ურთიერთობას უკრძალავენ და არა მარტო ოსურთან, არამედ ქართულთანაც. ამიტომაცაა, რომ ხალხი არ გამორიცხავს, რომ ვაჟა ექიმი გარკვეული პროვოკაციისთვის გამოიყენეს.
„ერთ–ერთი ჩინოსანი, რომელსაც ვესაუბრე, აღნიშნავს, რომ ლეონიდ თიბილოვის დროს მსგავსი ნომრები არ გაჭრიდა ძველი „ჩეკისტი“ პროვოკაციას არ წამოეგებოდა და გაფრინდაშვილს სახლში გაუშვებდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ეს პროვოკაცია იყო, იგი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების რეაქციის პროგნოზირებადობას ემყარებოდა, ეს პროგნოზირებადობა კი, თავის მხრივ, იქიდან მომდინარეობს, რომ ყველა გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს. ირიბად ეს რესპუბლიკის ხელისუფლებამაც დაადასტურა, განაცხადა რა, რომ ვაჟა ექიმის „არაოფიციალური ვიზიტი“ პროვოკაცია იყო, შემდეგ კი იგი ციხეში ჩასვეს და ამით თითქოს დაგვანახეს, რომ ამ პროვოკაციამ იმუშავა“, – წერს გუკემუხოვი.
კიდევ ერთ პროგნოზირებადობაზე მიანიშნებს ოსი ექსპერტი როლანდ ქელეხსაევი:
„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გაფრინდაშვილი ციხეში დიდხანს არ დარჩება. ამაზე მეტყველებს ჩვენი სტატისტიკა. [...] ნათელია, რომ გაფრინდაშვილის შეწყალების მოითხოვენ როგორც რუსი პარტნიორები, ისე კოლეგები ჟენევის დისკუსიებიდან. ჩვენი ხელმძღვანელობას კი მართალია, ფიცხი ხასიათი აქვს, თუმცა მალევე გადასდის. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ როდესაც ჩვენთან ვინმეს სვამენ , ამაზე მთელი მსოფლიო საუბრობს, ხოლო როდესაც უშვებენ, ვერავინ ამჩნევს“.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება.