ხაზარაძე: არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში!
03/04/2024 11:23:14 პოლიტიკა
"ლელოს" ერთ–ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა დაინიცირების დავალება კრემლიდან მიიღო, რათა ახალ მიზანს - ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებას შეეშალოს ხელი.
მისი აზრით, კანონის მიღება მმართველ გუნდს სჭირდება თავისუფალი აზრისა და არჩევნების გასაკონტროლებლად.
ის ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, საზოგადოებას უამბოს, საიდან ფინანსდება თავად "ქართული ოცნება".
"ქართულმა ოცნებამ" და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო, ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია რუსული კანონის შესახებ თავიდან გააცოცხლა. ეს დავალება მიიღო პირდაპირ კრემლიდან, რათა ახლა უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში. მინდა მივმართო ივანიშვილს, რომ გამოვიდეს როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე მმართველი პარტიის და ქართველ ხალხს უთხრას, რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, თუ საიდან ფინანსდება მისი პარტია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების და აქ გამოდის, ლაპარაკობს ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე.
ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება იმას, რომ უამრავმა მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია, თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი, უბრალოდ ეს კანონი ქართულ ოცნებას სჭირდება, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა.
მინდა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში! ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან, ქართველი ხალხის გზავნილს გიგზავნით. მთელი შენი ტრიუკები არის მოძველებული და ჭაობისკენ მიმავალი. შენ არ ემსახურები ქართველ ხალხს, ინტერესს, დაცალე ეს ქვეყანა, გააჩერე ეს ქვეყანა, უმუშევრობის ჭაობში ჩააგდე ეს ქვეყანა, შენ გინდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, რომ შენ იყო უსაფრთხოდ და შენმა გარემოცვამ აკეთოს ფული, ქართველი ხალხის ხარჯზე. ამიტომ ეს კანონი და ყველა ის ტრიუკი, რომელიც აქამდე გაქვს ჩატარებული, არ გაგივა, იმიტომ რომ ამ ქვეყნის პერსპექტივა არის თავისუფალი სამყარო, სადაც ნამდვილად იქნება დაცული ქართული ღირსება, მემკვიდრეობა, ტრადიცია და ყველაფერი ის, რაც ამ ქვეყანას გააჩნია", - თქვა ხაზარაძემ.
"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ პროექტის შინაარსი უცვლელი იქნება, თუმცა იქნება მხოლოდ ერთი ცვლილება – "უცხოური გავლენის აგენტის" ნაცვლად მიეთითება "უცხოური ძალის ინტერესების გამტარი".
დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული.
კანონპროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც მმართველი გუნდი ცდილობდა მიღებას, თუმცა საყოველთაო პროტესტის ფონზე ვერ შეძლო, მოწინააღმდეგეების მხრიდან შეფასდა "რუსულ კანონად". მსგავს კანონს კრემლის რეჟიმი კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების დევნისთვის იყენებს.


