
დეპუტატი, რომელიც ქალებს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა, მის "წამოცდენას" "საკმაოდ დამონტაჟებულს" უწოდებს, თუმცა ბოდიშს მაინც იხდის
03/04/2024 15:28:13 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომელიც პარლამენტის დარბაზში ქალებს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა, მის "წამოცდენას" "საკმაოდ დამონტაჟებულს" უწოდებს, თუმცა ბოდიშს მაინც იხდის.
"თუ ჩემმა გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო, ბოდიშს ვუხდი", – ამ ფორმულირებით მოიხადა ბოდიში კაცმა, რომელმაც მანამდე, შემდეგი განაცხადა:
"ეს არის მოუტ***ნელი ქალების სინდრომი".
ოდიშარიამ ეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმ დროს თქვა, როდესაც ტრიბუნიდან „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა და გენდერული კვოტირების გაუქმებას აკრიტიკებდა.
"რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე ვწუხვარ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები და მოსასმენად კიდევ უფრო მიზანშეუწონელია, წარმოსათქმელად მიზანშეუწონელია და მოსასმენად, რა თქმა უნდა, უკიდურესად არასასიამოვნოა. ვწუხვარ, რომ საზოგადოების ყურადღება მივიპყარი ამ მხრივ, რადგან მე არ გამოვირჩევი ასეთი ლექსიკით. ამაში ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, მათ შორის, ყველაზე მტრულად განწყობილებიც. მე არასდროს, არამც თუ ქალბატონი და ქალი კოლეგა, არამედ მამაკაციც არც შემირაცხყვია 8 წლის განმავლობაში. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი აღშფოთება არ იყო დამისამართებული, არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ, არც ქალის, არც კაცის და მათ შორის, თქვენ ვერსად ნახავთ, რომ კონკრეტული სახელი და გვარი ვახსენე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი უხამსი გამონათქვამი, მით უმეტეს, პარლამენტის დარბაზში არის მიუღებელი. ამისათვის მე საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს იმიტომ, რომ ის ჩემგან არ არის ამგვარ გამონათქვამებს მიჩვეული, მაგრამ სწორედ ამიტომ მინდა მივანიშნო საზოგადოება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როდესაც გვიწოდებენ პრორუსებს, ერის მოღალატეებს, ფლიდებს და კიდე მრავალ სხვას. ჩვენც გვყავს ოჯახები, შვილები, მშობლები, რომელთაც ეს ჯანმრთელობას ურყევს. თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით საზოგადოებას“, - განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ოდიშარიამ მოგვიანებით.
ჟურნალისტების კითხვას, "ეხებოდა თუ არა მის მიერ მიერ გამოთქმული შეურაცხმყოფელი ეპითეტები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ოდიშარია პასუხობს, რომ "მის გამონათქვამს ქალთა კვოტირების კანონთან კავშირი არ აქვს და კადრები დამონტაჟებულია":
„სულ ორ ადამიანთან მქონდა შეხება ჩემი გამონათქვამის შემდეგ, რის გამოც ვწუხვარ. რომ ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი ეს ცხადია. მაგრამ ის, რომ ადამიანები ბედავენ და ჩვენს ოჯახებს ატერორებენ, ეს დედის გინებაზე უარესია. ვიმეორებ, რომ პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც შენს თავს შეგიძლია მისცე უფლება ასეთი გამონათქვამებისთვის, მაგრამ ადამიანები ვართ ჩვენც და ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ახლა არ დამიწყოს ვინმე, რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება. თმენის ვალდებულება ეს არის ადამიანის კეთილი ნება და ამ ნებას ვიჩენთ 8-წელიწადია. ერთი წამოცდენა, ჯაშუშურად ჩაიწერეს და გაასაჯაროვეს და მონათლეს რაღაც თავდასხმად ქალ დეპუტატებზე, ტყუილია, ამ გამონათქვამს ქალთა კვოტირების კანონთან კავშირი არ აქვს. საკმაოდ დამონტაჟებულია, ტექსტებია გადადებული”.