
რა წერია საპარტნიორო ფონდის ეფექტიანობის კვლევაში - ქობულია საგანელიძეს პასუხობს
28/05/2019 16:44:38 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მისი მინისტრობის პერიოდში საპარტნიორო ფონდის დაარსებიდან დღემდე ფონდის პროექტების ეფექტიანობა შეისწავლეს.
ამის შესახებ ქობულიამ bm.ge-ის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის მიერ გუშინ პარლამენტში მისი მისამართით გამოთქმული რიგი პრეტენზიების კომენტირებისას განუცხადა.
შეგახსენებთ, თავდაპირველად, სწორედ გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდის შედეგიანობა არის დაბალი; გუშინ კი, საგანელიძემ ქობულია საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა.
„მე არ მიყვარს წასულ ადამიანებზე ლაპარაკი, მაგრამ რადგან ითქვა და მკითხეთ, გიპასუხებთ - სადღაც 9 თვე იყო ბატონი ქობულია მინისტრი, არცერთხელ ის ფონდში არ ყოფილა, მიუხედავად ჩემი ბევრი თხოვნისა, წერილებიც შემიძლია განახოთ... მხოლოდ ბორდის რამდენიმე შეხვედრას დაესწრო და ორ შემთხვევაში ძალიან ჩქარობდა“, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა.
თავის მხრივ, bm.ge-ისთან საუბრისას, საგანელიძის კრიტიკას უპასუხა გიორგი ქობულიამ.
მისი თქმით, ფონდში ფიზიკურად არმისვლა, არ ნიშნავს იმას, რომ ის საპარტნიორო ფონდის საქმიანობას დეტალურად არ იცნობდა.
„მე რა პოზიციაც დავაფიქსირე პარლამენტში საჯარო ფორმატში გამოსვლის დროს, იმ პოზიციაზე ვრჩები, რომ საპარტნიორო ფონდი, როგორც ეკონომიკის სტიმულირების ინსტრუმეტი არაეფექტურად მუშაობდა მთელი წლების განმავლობაში და ახლაც არაეფექტურად მუშაობს.
მე აბსოლუტურად არ შევხებივარ პირადად ბატონი დავით საგანელიძის წვლილს ამ არაეფექტურობაში და მე მასზე არ მისაუბრია. მე ვისაუბრე ზოგადად ფონდის ინსტრუმენტზე და ვფიქრობ, პარლამენტში გამოსვლისას თავად საგანელიძეც დამეთანხმა;
როდესაც ჩემი მინისტრად დანიშვნის შემდეგ საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შესწავლა დავიწყეთ, ჩვენ ფონდი ძალიან დეტალურად შევისწავლეთ და ის, რომ მე ფიზიკურად არ ვყოფილვარ საპარტნიორო ფონდის შენობაში, არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან დეტალურად არ ვიყავი ჩახედილი ფონდის ყველა პროექტში და მთელს პორტფელში; არამარტო მისი (დავით საგანელიძის) საქმიანობის დროს, არამედ ფონდის არსებობის განმავლობაში ყველა პროექტი შევისწავლეთ და შექმნილია დეტალური დოკუმენტი, რომელიც განხილულია და მას გაეცნო ბატონი დავითიც და საპარტნიორო ფონდის თანამშრომლებიც.
ამ საკითხზე მუშაობდა ჩემი თანამშრომელი, ჩემი მრჩეველი, ერთ-ერთი გამოცდილი ანალიტიკოსი, ფინანსისტი, რომელმაც შეისწავლა და გაანალიზა ყველა პროექტი (გიორგია ქობულიას ინფორმაციით, მისი მრჩეველი ახლა ეკონომიკის სამინისტროში არ მუშაობს, ამიტომ მისი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა)... ანუ იმაზე ლაპარაკი, რომ მე ფონდის შენობაში არ მივსულვარ და იქ არ მინახავს არაფერი, ესაა ტოტალური აბსურდი. უცნაურია, როცა ადამიანი (იგულისხმება დავით საგანელიძე) ამას ამბობს, როგორ არ ფიქრობს იმაზე, რომ ეს დოკუმენტი არსებობს და შესაძლოა, ხელმისაწვდომი გახდეს, ხომ შეიძლება ეკონომიკის სამინისტრდან ვინმემ გამოითხოვოს“, - განაცხადა ქობულიამ და დასძინა, რომ ფონდის არაეფექტურობაზე მტკიცებულება დამყარებულია არა - ზოგად განცდებზე, არამედ - ანალიზზე და ამის ანგარიში არსებობს.
„კვლევა არსებობს და ყველამ ნახა... ეკონომიკის სამინისტრო ახლა ამას რამდენად გახდის საჯაროს და წვდომადს, არ ვიცი“, - აღნიშნა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.
ქობულია იმასაც ამბობს, რომ საპარტნიორო ფონდის ეფექტიანობის დათვლა ძალიან მარტივია და მისი დავალებით, ეფექტიანობა დაარსებიდან დღემდე შეისწავლეს.
„ფონდის ეფექტიანობის დათვლა ძალიან მარტივია - რამდენი ფული გაქვს ჩადებული თავიდან ბოლომდე და რამდენი გაქვს ამონაგები დასაწყისიდან დღემდე და რაც გაქვს ახლა აქტივები, რომ გაყიდო რამდენს მიიღებ; რა ფულიც აქვს ფონდს ჩადებული თავიდან, ის ამონაგები რაც მიიღო ამ წლების განმავლობაში და რაც დარჩა აქტივები, სულ რომ გაყიდო არის -25%-ში მიახლოებით ანუ რაც ფული აქვს ფონდს ჩადებული, -25% აქვს დაკარგული.... რა თქმა უნდა, მე აქ არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდი, რომ ეს არის ბატონი დავითის ბრალი. გასაგებია, რომ ფონდში ბევრი გადაწყვეტილება მიიღება პოლიტიკური კუთხით, ზეწოლით დ ა.შ. მაგრამ ფაქტი ასეთია. ჩვენ ეს განვიხილეთ ბატონ დავითთან, ის ამბობდა, რომ „მე რა ვქნა, რაღაც გადაწყვეტილებები ჩემამდე იყო მიღებულიო“, „რაღაც გადაწყვეტილებების მიღება მე დამაძალესო“ ანუ რაღაც პროექტები არის სოციალურიო, პოლიტიკურიო და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მიერ საპარტნიორო ფონდის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ როგორც - ეკონომიკის სამინისტროში, ისე საპარტნიორო ფონდში მოიკითხა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის: გუშინ პარლამენტში ანგარიშით წარდგეისას დავით საგანელიძემ თქვა, ფონდის რეფორმირების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მაშინ, როდესაც კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ფონდის შვილობილი კომპანიების (სს „საქართველოს რკინიგზისა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“) 400 მლნ ლარზე მეტი ზარალი ფონდის ზარალად ჩაითვალა.
„ზარალი აღნიშნული კომპანიების აქტივების გაუფასურებით იყო განპირობებული მაშინ, როდესაც აღნიშნული შვილობილი კომპანიების ზარალის გამორიცხვით, ფონდის საინვესტიციო პროექტების მოგებამ, სხვა დანარჩენ შვილობილ კომპანიებთან ერთად, 192.6 მილიონი ლარი შეადგინა“, - აცხადებენ ფონდში.
წყარო: bm.ge