
საფრანგეთის და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა პირველად ისაუბრეს 2022 წლის შემდეგ
04/04/2024 06:39:59 მსოფლიო
3 აპრილს საფრანგეთის და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა – სებასტიან ლეკორნუმ და სერგეი შოიგუმ ტელეფონით ისაუბრეს. ეს მათი პირველი კომუნიკაციაა 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ. იტყობინება Le Monde.
როგორც იუწყებიან, საუბარი უპირველესად, რუსეთში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას შეეხებოდა.
ლეკორნუმ დაგმო 22 მარტს "ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოსკოვის რეგიონში განხორციელებული ტერაქტი და სოლიდარობა გამოუცხადა დაღუპულებს და მათ ოჯახებს.
"მან დაადასტურა, რომ საფრანგეთს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც ამ ტერაქტსა და უკრაინას შორის კავშირის დამყარების საშუალებას მისცემს. მან რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ამ მოვლენის ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაცია", - ნათქვამია კომუნიკეში.
სებასტიან ლეკორნუმ ასევე დაგმო აგრესიული ომის მიმდინარეობა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას "სანამ საჭირო იქნება მის ბრძოლაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა დაბრუნდეს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე."
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცინიკური უწოდა რუსეთის მცდელობებს, დააკავშიროს ტერორისტული თავდასხმები უკრაინასთან.
მისივე ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" იგივე ავღანური უჯრედი, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა Crocus City Hall-ში განხორციელებულ ტერაქტზე, საფრანგეთშიც ჰქონდა რამდენიმე თავდასხმის მცდელობა.