
მედია: მოსკოვში ჩხრეკა ჩატარდა "ცირკონის" რაკეტის მწარმოებლების ოფისში
04/04/2024 08:02:25 მსოფლიო
მოსკოვში პოლიციის თანამშრომლებმა და ФСБ-მ ჩაატარეს ჩხრეკა "ავტომატიზირებული სისტემების კონსტრუქციის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის" ოფიცში,– წერს რუსული მედია.
კვლევითი ცენტრი ASK არის "ტაქტიკური რაკეტების" კორპორაციის ნაწილი, რომელიც აწარმოებს "ცირკონის" ჰიპერბგერით რაკეტებს. თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ "ცირკონის" გამოყენება დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა კომპანია "სირენა–ტრაველში" (რუსული ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემა "ლეონარდოს" შემქმნელი), რომლის ოფისი მდებარეობს იმავე შენობაში, სადაც ASK–ის კვლევითი ცენტრია განთავსებული.
მედია აღნიშნავს, რომ არაფერია ცნობილი კვლევითი ცენტრის ოფისში ოპერატიული ღონისძიებების მიზეზებზე, მაგრამ "სირენა–ტრაველ"–ში ჩხრეკა დაკავშირებულია „რუსული ბილეთების დაჯავშნის სისტემის IT ინფრასტრუქტურაზე ფართომასშტაბიან შეტევებთან, რომელსაც კომპანია გასული წლის შემოდგომაზე წააწყდა". ვარაუდობენ, რომ კომპანიამ თავად აცნობა სამართალდამცავ უწყებებს „ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ“ და „გამოძიების დროს უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტსა და მონაცემზე წვდომას“.
ამასთან, უცნობია დაკავშირებულია თუ არა ერთმანეთთან ეს ორი ჩხრეკა. თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ცნობები "ცირკონის" რაკეტის მწარმოებლების წინააღმდეგ წარმატებული ჰაკერული თავდასხმების შესახებ.
გასულ შემოდგომაზე, ჰაკერებმა Muppets ჯგუფიდან, გატეხეს "სირენა–ტრაველის" სისტემის მონაცემთა ბაზა რუსული ავიახაზების Aeroflot, Rossiya, Azur Air, Red Wings, Pobeda და Ural Airlines მგზავრების შესახებ. ჰაკერები აცხადებდნენ, რომ მიიღეს წვდომა 2007-2023 წლებში საჰაერო მოგზაურობის შესახებ მილიონობით ჩანაწერზე, მათ შორის მგზავრების სახელები და ტელეფონის ნომრები, მათი მარშრუტები და ბილეთის ფასის შესახებ ინფორმაცია.
25 მარტის დილით, ანექსირებული ყირიმის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარებმა ორი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს კიევს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ორივე ჩამოაგდეს. უკრაინული გამოცემის Defence Express-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ საუბარია უახლეს რუსულ "ცირკონის" რაკეტებზე.