
კადიროვმა ხელქვეითებს მაღაზიებში მოსახლეობის ვალების დაფარვა დაავალა
04/04/2024 08:44:35 კავკასია
ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მისმა ხელქვეითებმა მაღაზიებში მოსახლეობის ვალები უნდა დაფარონ. იტყობინება რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტი".
„ხადიჟათისგან (ხადიჟათ კადიროვა) მესიჯი მივიღე, რომ ბევრი ადამიანი ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო იძულებულია, პროდუქტი ვალით იყიდოს. კარგი იქნება, მათ ვალების დახურვაში დავეხმაროთ. კარგი იქნება, თუ ყველა საკუთარ თავზე აიღებს ნაწილს და გადაიხდის“,– თქვა კადიროვმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთში არსებობს "ვალების რვეულის" პრაქტიკა, როდესაც ადამიანები საკვებ პროდუქტს მათ უბანში არსებულ მაღაზიებში ვალზე იღებენ, რადგან ყველა ერთმანეთს იცნობს და ნდობის დონე მაღალია.
ჩეჩნეთი რუსეთში სიღარიბის დონის მიხედვით ლიდერებს შორისაა. 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, ჩეჩნეთში ყოველ მესამე ოჯახს საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავალი აქვს, ანუ თვეში 13 ათას რუბლზე დაბალი. ამ მდგომარეობაში რესპუბლიკაში მცხოვრები 326 ათასი ოჯახიდან 107 ათასი ოჯახი აღმოჩნდა. ამ ფონზე კადიროვი რუსეთის უმდიდრეს მოხელეებს შორისაა.