
აშშ ევროპაში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დიდ არქტიკულ საწყობს შექმნის
04/04/2024 09:18:29 მსოფლიო
აშშ-ის არმია ნატოს ფარგლებში, ფინეთში ან შვედეთში დიდი იარაღის საწყობის დაარსების შესაძლებლობას განიხილავს, წერს Helsingin Sanomat.
ამის შესახებ აშშ-ს არმიის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სარდლობის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა კრისტოფერ მოჰანმა Global Force–ს ყოველწლიურ სიმპოზიუმზე განაცხადა.
არქტიკის რეგიონში საბრძოლო მასალის შენახვა საშუალებას მისცემს აშშ-ის არმიას, უკეთ გაიგოს, თუ როგორ ზემოქმედებს ექსტრემალური სიცივე მასალებზე და რა შეუძლია გააკეთოს იმისათვის, რომ არმია უფრო ეფექტური გახდეს ზამთარში, – თქვა მოჰანმა.
მისი თქმით, ამჟამად აშშ-ის არმიის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნვეყოფის სარდლობა მსჯელობს, კონკრეტულად რომელი საბრძოლო მასალა შეინახება უკეთ ამგვარ პირობებში.
მას არ გაუმხელია ახალი საწყობების შესაძლო განლაგების ადგილები ევროპაში, მაგრამ სიმპოზიუმზე გაჩნდა ვარაუდი, რომ ნორვეგია ეიძლება იყოს ერთ-ერთი ლოკაცია, – იუწყება Breaking Defense. აღინიშნა, რომ ამ საკითხით ფინეთი და შვედეთიც არიან დაინტერესებულნი.
თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს, შექმნას ახალი სამხედრო მომარაგების საცავი თავისი არმიისთვის, მის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არმიის ტექნიკის სარდლობას ან AMC-ს. ეს არის უზარმაზარი ორგანიზაცია, რომელშიც დასაქმებულია დაახლოებით 165,000 ჯარისკაცი, სამოქალაქო პირი და ქვეკონტრაქტორი.
აშშ-ს არმია ინარჩუნებს ე.წ. არმიის მოწინავე განლაგებას (APS) მთელს მსოფლიოში. როგორც აღნიშნავენ, ეს პრაქტიკა ცივი ომის დროინდელია. APS-ის საწყობები შეგნებულად არის განლაგებული მათი შესაძლო გამოყენების ადგილებთან ახლოს. ეს ამცირებს სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის საბრძოლო ზონაში კრიზისულ სიტუაციაში საჰაერო ან საზღვაო გზით გადატანის აუცილებლობას.
აშშ-ს არმიას აქვს ექვსი დიდი APS საცავი ევროპაში. მათგან ორი გერმანიაშია, ერთი ნიდერლანდებში, ერთი ბელგიაში და ერთი პოლონეთში. გარდა ამისა, იტალიაში არსებული საწყობის ამოცანები მოიცავს ნატოს ოპერაციების მხარდაჭერას აფრიკაში.
ფინეთმა და შეერთებულმა შტატებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება გასული წლის დეკემბერში გააფორმეს. ამ შეთანხმების ფარგლებში, კომპანია Puolustusvoimat-მა, სხვა საკითხებთან ერთად, გახსნა თავისი ორმოცდაათი სასაწყობო ტერიტორია შეერთებულ შტატებში.