
ტაივანში კვლავ 7–ბალიან მიწისძვრას ელიან
04/04/2024 09:51:27 მსოფლიო
ტაივანელმა მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლების ათობით მცხოვრები ამოიყვანეს ნანგრევებიდან. სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაშავდა. ამასთან, Reuters 50 მუშის დაკარგვის შესახებ იუწყება, რომლებიც მიკროავტობუსებით ეროვნული პარკისკენ მიემართებოდნენ.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბიძგები მთელ ტაივანში იგრძნობოდა და მომდევნო დღეებში კიდევ 7–ბალიანი მიწისძვრა არის მოსალოდნელი.
მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალდა ჰუალიენის რეგიონი, სადაც დაახლოებით 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან დაახლოებით 100 ათასი ცხოვრობს ქალაქ ჰუალიენში.
ტაივანის ეროვნული სახანძრო სამსახურის ცნობით, 71 მაღაროელი ჰუალიენის რეგიონში არსებულ ორ მაღაროშია ჩარჩენილი.
მიწისძვრებმა სამი ავარია გამოიწვია რკინიგზაზე, დაზიანდა 125 შენობა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 90 ათასზე მეტი ოჯახი.
საავადმყოფოები ნორმალურად მუშაობენ, მიუხედავად შენობების დაზიანებისა, განაცხადა მუნიციპალურმა მთავრობამ.