
"პროკურორის სახელით $4 000 მოითხოვა" – დაკავებულია ერთი პირი
04/04/2024 14:22:46 სამართალი
საქართელოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორის სახელის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულმა საკითხის მოგვარების სანაცვლოდ 4 000 აშშ დოლარი მოსთხოვა დაზარალებულს და თანხის ნაწილი პირადად გამოართვა.
"საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციის თანამშრომლებმა, პროკურორის სახელის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორის სახელის გამოყენებით, დაზარალებულს ყალბი ინფორმაცია მიაწოდა, თითქოსდა შეეძლო, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დროულად, მისთვის მისაღები პირობებით გადაწყვეტა. საკითხის მოგვარების სანაცვლოდ კი 4000 აშშ დოლარი მოსთხოვა. თანხის ნაწილი ბრალდებულმა დაზარალებულს პირადად გამოართვა, რა დროსაც გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებულს ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - აცხადებენ პროკურატურაში.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.