
მაკრონმა თავდაცვის მინისტრების საუბრის შემდეგ რუსეთის განცხადებებს "უცნაურ და მუქარის შემცველი" უწოდა
04/04/2024 14:57:04 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა "უცნაური და მუქარის შემცველი" უწოდა რუსული მხარის ვარაუდებს იმის შესახებ, რომ საფრანგეთის დაზვერვის სამსახურები შესაძლოა კავშირში იყვნენ Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტთან,– წერს AFP.
წინა დღეს საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა 2022 წლის შემდეგ.
როგორც სერგეი შოიგუმ განაცხადა სატელეფონო საუბრის შემდეგ, „რუსეთი იმედოვნებს, რომ საფრანგეთის სპეცსამსახურები არ დგანან ტერაქტის უკან“.
მაკრონმა ამ საუბრის აუცილებლობა იმით დაასაბუთა, რომ საფრანგეთს აქვს „სასარგებლო ინფორმაცია“ გადასაცემად „ამ თავდასხმის წარმოშობისა და ორგანიზების შესახებ“, რაზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
მისი თქმით, საუბრის შემდეგ რუსულ განცხადებებში მან დაინახა „მტკიცებულება“ იმისა, რაზეც „წლის დასაწყისიდან“ საუბრობდა: „რუსეთის აგრესიული პოზიციის გაძლიერება და ეს ხდება არა მხოლოდ საფრანგეთთან მიმართებით“.
3 აპრილს საფრანგეთის და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა – სებასტიან ლეკორნუმ და სერგეი შოიგუმ ტელეფონით ისაუბრეს. ეს მათი პირველი კომუნიკაციაა 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ.
როგორც იუწყებიან, საუბარი უპირველესად, რუსეთში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას შეეხებოდა.
ლეკორნუმ დაგმო 22 მარტს "ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოსკოვის რეგიონში განხორციელებული ტერაქტი და სოლიდარობა გამოუცხადა დაღუპულებს და მათ ოჯახებს.
"მან დაადასტურა, რომ საფრანგეთს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც ამ ტერაქტსა და უკრაინას შორის კავშირის დამყარების საშუალებას მისცემს. მან რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ამ მოვლენის ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაცია", - ნათქვამია კომუნიკეში.
სებასტიან ლეკორნუმ ასევე დაგმო აგრესიული ომის მიმდინარეობა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას "სანამ საჭირო იქნება მის ბრძოლაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა დაბრუნდეს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე."
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცინიკური უწოდა რუსეთის მცდელობებს, დააკავშიროს ტერორისტული თავდასხმები უკრაინასთან.
მისივე ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" იგივე ავღანური უჯრედი, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა Crocus City Hall-ში განხორციელებულ ტერაქტზე, საფრანგეთშიც ჰქონდა რამდენიმე თავდასხმის მცდელობა.