
„არა რუსულ კანონს!“: მოქალაქეებს 8 აპრილს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებენ
04/04/2024 17:31:35 საზოგადოება
სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა დღეს პარლამენტის შენობის წინ საორგანიზაციო შეხვედრა გამართეს. თემა იყო „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში დაინიცირებული კანონპროექტი „აგენტების“ შესახებ, რომელიც მმართველმა გუნდმა გასულ წერს მასშტაბური პროტესტის ფონზე ვერ მიიღო. მაშინ „ოცნება“ მოქალაქეებს დაპირდა, რომ პროექტი პარლამენტში აღარ დაბრუნდებოდა, თუმცა ერთ წელიწადში დანაპირები გადათქვა.
პარლამენტთან შეკრებილებმა თანამოაზრეებს საკანონმდებლო ორგანისთან 8 აპრილს საპროტესტო ბანერებით მისვლისკენ მოუწოდეს.
“ორშაბათს შესაძლებელია ამ კანონპროექტის განხილვა იყოს, ამიტომ მაქსიმალური ხმაურით და ბანერით მივიდეთ. კამპანია უნდა ვაწარმოოთ და მინდა, რომ ყველანი იყოთ მზად დიდი, გრძელი კამპანიისთვის, რომელიც იქნება კარგად ორგანიზებული”, - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ.
სამოქალაქო მოძრაობის “ჯიუტი” ერთ-ერთი წევრის, ლაშა ჯანჯღავას განცხადებით, მათი პროტესტი იქნება თანმიმდევრული და დემოკრატიული.
„შექმნილი გვაქვს ჯგუფი “ფეისბუქზე”, სადაც ადამიანებს, რომლებიც დაინტერესდებიან, შეუძლიათ ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს დემოკრატიულად გადავწყვეტთ. ყველაფერს დაინახავთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს გადაწყვეტს ის ქართული საზოგადოება, რომლის ისტორიული არჩევანი ევროპაა“.