
სანჩესი: ევროკავშირმა უნდა გადახედოს ისრაელთან ურთიერთობას, თუ ის არღვევს ჰუმანიტარულ კანონს
04/04/2024 17:57:17 მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი თვლის, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს, გააგრძელოს თუ არა სტრატეგიული ურთიერთობები ისრაელთან, თუ ევროკომისია დაადგენს, რომ ისრაელმა დაარღვია ჰუმანიტარული კანონი ღაზაში სამხედრო მოქმედებების დროს. მისი განცხადებას, რომელიც ტელეარხ Al Jazeera-ს ეთერში გაკეთდა, ციტირებს Reuters.
სანჩესმა გაიმეორა მოწოდება ღაზაში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისა და პალესტინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს აღიარების თაობაზე.
„ევროკავშირის შემთხვევაში, სიტუაცია შეიძლება ისეთი იყოს, რომ ევროპის საბჭოში დებატებისთვის კარი გაიღოს, რათა დავინახოთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ სტრატეგიულ ურთიერთობას (ისრაელთან - რედ.). მაგრამ ამისთვის ჯერ ევროკომისიისგან უნდა მივიღოთ შეფასება“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.
მანამდე სანჩესმა ჟურნალისტებს ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისას განუცხადა, რომ მისი მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ივლისისთვის გეგმავს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთი ირლანდიის, მალტისა და სლოვენიის ლიდერებთან პალესტინის სახელმწიფოს ცნობისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდა.