Accentnews.ge
პისტორიუსმა რუსული საფრთხის ფონზე წარადგინა შეიარაღებული ძალების რეფორმა და მას ისტორიული უწოდა

პისტორიუსმა რუსული საფრთხის ფონზე წარადგინა შეიარაღებული ძალების რეფორმა და მას ისტორიული უწოდა

04/04/2024 19:38:31 მსოფლიო

ევროპული ქვეყნები სულ უფრო ხშირად საუბრობენ შეიარაღებული ძალების გაფართოებისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე. მარტში ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ევროპელ კოლეგებს მოუწოდეს სავალდებულო გაწვევის აღორძინებისკენ. 10 დღის შემდეგ გერმანიამ გამოაცხადა ბუნდესვერის ძირითადი რეფორმა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა წარმოადგინა შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის გეგმა, რომლის მთავარი დებულება ერთიანი ოპერატიული სარდლობის შექმნა გახდა. ის უზრუნველყოფს „ერთიან ხელმძღვანელობას ბუნდესვერის ყველა ოპერაციაში“ როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორობის კონტაქტში. მას დაექვემდებარება ოთხი ტიპის ჯარი: სახმელეთო, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები, ასევე კიბერ და საინფორმაციო თავდაცვის ჯარები. ეს უკანასკნელი შეებრძოლება დეზინფორმაციას, დაიცავს ბუნდესვერის ქსელებს ჰაკერული თავდასხმებისგან, უზრუნველყოფს ელექტრონული ომის გამოყენებას და ა.შ.

გეგმის განსახორციელებლად ექვსი თვეა გამოყოფილი. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროს მთავარი მოთხოვნა სამხედროებისთვის, პისტორიუსის თქმით, არის ის, რომ შეიარაღებული ძალები მზად იყვნენ საყოველთაო გაწვევის დანერგვისთვის. ის 2011 წელს გაუქმდა და მისი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტთან უახლოეს კვირებში განიხილავენ, – აღნიშნა მინისტრმა.

ამჟამად გერმანული ჯარი კონტრაქტზე მყოფი სამხედროებით არის დაკომპლექტებული. ცივი ომის დროს დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი მსახურობდა გერმანიის შეიარაღებულ ძალებში; გასული წლის ბოლოს – 182 000-ზე ნაკლები. წინა გეგმები ითვალისწინებდა ბუნდესვერის ზომის გაზრდას 203 000-მდე 2025 წლისთვის.

2023 წლის ბოლოს გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში პისტორიუსმა თქვა, რომ განიხილავს გაწვევის სხვადასხვა მოდელს, მათ შორის შვედურს.

„იქ ყველა ახალგაზრდა ექვემდებარება გაწვევას, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ზოგიერთი მათგანი მიდის სამხედრო სამსახურში. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, შესაძლებელია თუ არა ეს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.

სამხედრო ექსპერტი თომას ვიგოლდის თქმით, შვედური მოდელი ყველა სამხედრო პერსონალის ოცნებაა. „იქ შეიარაღებულ ძალებში არ სჭირდებათ ყველა, ვინც გაწვევას ექვემდებარება. ისინი ირჩევენ მხოლოდ მათ, ვინც მათ მოთხოვნებს შეესაბამება“, - განუცხადა მან Deutsche Welle-ს.

პისტორიუსის იდეას გაწვევის აღდგენის შესახებ ადრე მხარს უჭერდა, კერძოდ, კონსერვატიული ოპოზიცია. თუმცა, კანცლერმა ოლაფ შოლცმა ერთი წლის წინ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა: „ბუნდესვერი გადაკეთდა პროფესიონალურ არმიად. შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის დაბრუნებას აზრი არ აქვს“.

პისტორიუსმა შეიარაღებული ძალების რეფორმას ხუთშაბათს ისტორიული უწოდა:

"ჩვენი მიზანია ბუნდესვერის რეფორმირება ისე, რომ იგი საუკეთესოდ მომზადდეს თავდაცვისთვის, მზად იყოს ომისთვის. არავინ არ უნდა გაივლოს თავში აზრადაც კი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა - სწორედ ამის გადმოცემა გვინდა".

უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ომის გამო ევროპისთვის საფრთხე გაიზარდა. გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ საიმედო შეკავება, – თქვა პისტორიუსმა.

ნათელია, რომ სამხედროები და პოლიტიკოსები პროფესიონალურ არმიას ამჯობინებენ, მაგრამ სავალდებულო სამსახური შესაძლებელს გახდის რეზერვისტების რიგების შევსებას, რომლებიც მნიშვნელოვნად შემცირდა ცივი ომის დასრულების შემდეგ, განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა:

„არავის სურს ბრძოლა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არც არავის სურს, გახდეს შემოსევის მსხვერპლი. და არავის სურს, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, აქ განმეორდეს".

ლატვიამ, ლიეტუვამ და შვედეთმა ცოტა ხნის წინ აღადგინეს გაწვევა, ხოლო დანიამ თებერვალში დაიწყო ქალთა სავალდებულო სამსახურის შემოღებაზე მსჯელობა. ესტონეთში, ფინეთსა და ნორვეგიაში გაწვევა არ გაუქმებულა ცივი ომის დასრულების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S