
რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო აეროდორომზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
05/04/2024 05:00:16 მსოფლიო
რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო აეროდორომზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან. რუსული, მათ შორის პროპაგანდისტული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ ღამის განმავლობაში როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს, უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევა“ განხორციელდა.
უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის ცნობით, "წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს“.
გოლუბევი ადასტურებს ელექტროქვესადგურის დაზიანებას, თუმცა ჯერ–ჯერობით არაფერს ამბობს სამხედრო აეროდრომის შესახებ.
რუსული წყაროების თანახმად, მოროზოვსკის აეროდრომზე დისლოცირებულია სუ-24 და სუ-34 ტიპის ბომბდამშენები.
რუსეთის რეგიონების ნაწილზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის – ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. რუსეთი „ტერორისტულ შეტევებში" უკრაინას ადანაშაულებს.
კიევი ცალკეულ შემთხვევებზე ოფიციალურ კომენტარს, როგორც წესი, არ აკეთებს. ამასთან, უკრაინის სამხედრო დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ანონიმურობის დაცვის პირობით, მედიასაშუალებებს უდასტურებენ, რომ რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევები უკრაინის სპეცოპერაციაა.
უკრაინას, რომელიც ორი წელია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.