
რუსეთის მოროზოვსკის აეროდრომზე დღევანდელი შეტევის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ბომბდამშენის განადგურების შესახებ იუწყებიან
05/04/2024 09:36:11 მსოფლიო
რუსეთში, როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დღევანდელი შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა თავდაცვის ძალებთან ერთად, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემები „უნიანი“ და „უკრაინსკა პრავდა“ უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან.
მათი ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია, სულ მცირე, ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი და რვა დაზიანებულია.
უკრაინული მხარის ცნობით, მოროზოვსკის აეროდრომზე დისლოცირებული არიან სუ-24 და სუ-34 ტიპის ბომბდამშენები, რომლებსაც რუსეთი ფრონტისპირა უკრაინული ქალაქების და უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციების დასაბომბად იყენებს.
უკრაინასთან მოსაზღვრე როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში ძლიერი აფეთქებები გამთენიისას მოხდა. რუსული, მათ შორის პროპაგანდისტული ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ მოროზოვსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევა“ იყო.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ "საჰაერო თავდაცვის საშუალებებით როსტოვის ოლქში გაანადგურეს უკრაინის 44 უპილოტო საფრენი აპარატი".