
ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრი: ევროკავშირის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმების რაოდენობა იზრდება
05/04/2024 09:42:33 მსოფლიო
ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრ მარტინ კუპკას განცხადებით, ევროკავშირის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ მან Financial Times-ს განუცხადა.
"ევროპის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზნით რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში ათასობით მცდელობა განახორციელა. ეს, პირველ რიგში, ჰაკერულ თავდასხმებს ეხება. მათ სამიზნეს კი რკინიგზის ოპერატორები, კერძოდ, ჩეხეთის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიის განგაშის სისტემები და კომპიუტერულ სისტემები წარმოადგენენ. წარსულში ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის შედეგად, ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემა გაითიშა", – განაცხადა ჩეხმა მინისტრმა.
კუპკამ გამოთქვა შიში, რომ ასეთმა თავდასხმებმა შესაძლოა, გამოიწვიოს განგაშის სისტემების მუშაობის მწყობრიდან გამოყვანა, რასაც, თავის მხრივ, შეიძლება, სერიოზული სარკინიგზო ავარია მოჰყვეს. ჩეხმა მინისტრმა სიტუაციას "საკმაოდ რთული" უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ჰაკერული თავდასხმებისგან დაცვა კარგად მუშაობს.
ბოლო დროს ჩეხეთში სიგნალიზაციის სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებული სარკინიგზო ინციდენტების რაოდენობა გაიზარდა , მაგრამ არც ერთი მათგანი, ოფიციალური მონაცემებით, არ ყოფილა სისტემაში გარე ჩარევასთან დაკავშირებული.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჰაკერული თავდასხმები კარგად არის დოკუმენტირებული, ნაკლებად ცნობილია სატრანსპორტო სისტემებზე ასეთი თავდასხმების შესახებ. პირველად, ასეთი მცდელობები გასულ წელს დაფიქსირდა. როგორც გამოცემა იუწყება, ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს შეტყობინებაში ნახსენები იყო რუსულენოვანი ჰაკერული ჯგუფების შესახებ, რომლის სამიზნეს ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და რუმინეთის რკინიგზები წარმოადგენდა.