
ჩეხეთი: ომი მხოლოდ უკრაინაში არ მიმდინარეობს – რუსეთი მთელს ევროპაში ცდილობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დესტაბილიზებას
05/04/2024 10:03:41 მსოფლიო
კრემლის მიერ გაჩაღებული ომი მხოლოდ უკრაინის ბრძოლის ველზე არ მიმდინარეობს. ვლადიმირ პუტინმა მას არაერთხელ უწოდა ომი კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ. დაპირისპირება, სხვა საკითხებთან ერთად, გამოხატულია რუსეთის სურვილში, ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დესტაბილიზებაში, განაცხადა ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარტინ კუპკამ Financial Times-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ბოლო ორი და მეტი წლის განმავლობაში რუსეთს ჩეხეთის რესპუბლიკაში სარკინიგზო კომუნიკაციების დარღვევის "ათასობით მცდელობა" ჰქონდა. ეს მოიცავს ჰაკერულ თავდასხმებს სასიგნალო სისტემებზე და ეროვნული ოპერატორის České dráhy-ის სარკინიგზო ქსელზე, ბილეთების გაყიდვის სისტემების გამორთვის ზრახვებს.
”ეს ნამდვილად რთული სიტუაციაა, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ შეგვიძლია, დავიცვათ ყველა სისტემა თავდასხმებისგან”, - თქვა კუპკამ.
České dráhy–მ დაადასტურა კომპანიის ციფრულ ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევების რაოდენობის ზრდა. ხოლო გასულ წელს ჩეხეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტო NUKIB თავის მოხსენებაში საუბრობდა „ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში მავნე თავდასხმების მზარდ რაოდენობაზე“.
ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ გასულ წელს ანგარიშში აღნიშნა, რომ „პრორუსულმა ჰაკერულმა ჯგუფებმა“ განახორციელეს სერიოზული თავდასხმები სარკინიგზო სისტემებზე ლატვიაში, ლიეტუვაში, რუმინეთში, ესტონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, ასევე იტალიის სატრანსპორტო ორგანიზაციებზე. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, გაიზარდა ჰაკერული თავდასხმები როგორც სარკინიგზო კომპანიებზე, ასევე ევროკავშირის აეროპორტებზე.
რკინიგზის დესტაბლიზაციის მცდელობები არ შემოიფარგლება მხოლოდ კიბერსივრცით. გასულ წელს პოლონეთში ჯაშუშური ჯგუფი გამოვლინდა, რომლის წევრებიც აგროვებდნენ ინფორმაციას უკრაინაში იარაღის მიწოდების შესახებ და გეგმავდნენ დივერსიას. როგორც პოლონეთის სადაზვერვო სამსახურმა ნოემბერში განაცხადა, 16 ადამიანის ამოცანები „მოიცავდა სამხედრო დანადგარებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის იდენტიფიკაციას, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული მატარებლების თვალის დევნებას და ავარიების ორგანიზებას“.