
ნორვეგია არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას
05/04/2024 10:24:07 მსოფლიო
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას, თუმცა მსგავსი გეგმა ჯერ არ არსებობს. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დისკუსია, რომელიც გაიმართა უკრაინაში დასავლური ჯარების პოტენციური გაგზავნის ირგვლივ, რეალურად არ ეხებოდა საბრძოლო დანაყოფებს რუსულ ძალებთან პირდაპირი დაპირისპირებისთვის, არამედ საუბარი იყო მხარდაჭერაზე, წვრთნაზე, მრჩევლებზე და ა.შ.
„ამჟამად ჩვენ არ ვაპირებთ ჯარების გაგზავნას. არ ვფიქრობ, რომ ბევრ ქვეყანას აქვს ასეთი გეგმები. მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში, არ ვფიქრობ, რომ პრინციპში, რაიმე უნდა გამოვრიცხოთ, ”- თქვა ეიდემ.
მისი თქმით, ნატოს სურს უკრაინის მ დონის მხარდაჭერა, რომ მან გაიმარჯვოს, ხოლო რუსეთი დამარცხდეს.
„მაგრამ არ გვაქვს სურვილი, ომში პირდაპირი მხარე ვიყოთ, რადგან ამან შეიძლება მსოფლიო ომი გამოიწვიოს, რაც არ გვინდა“, - განაცხადა მინისტრმა.
მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, თუმცა თქვა ისიც, რომ საკითხის ირგვლივ ერთსულოვნება არ არსებობს.