
ბრიტანული დაზვერვა: კრემლმა 2022 წლის თებერვლიდან $11,5 მილიარდის ღირებულების 180 კომპანია დაისაკუთრა
05/04/2024 10:41:05 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარა 180-მდე კომპანია, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 11,5 მილიარდი დოლარია.
"პრიორიტეტულია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირების მფლობელობაში არსებული, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები რუსების კომპანიები. ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია სახელმწიფოს სურვილით, შეამციროს უცხოური (კერძოდ, დასავლური) კავშირები რუსეთის ეკონომიკასთან", - ნათქვამია ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშში.
დაზვერვის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება დაყადაღებულ აქტივებს კრემლის იმ ერთგულ ბიზნესმენებს შორის ანაწილებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს.
ბრიტანეთის დაზვერვა ამ ნაბიჯებს ასევე უკავშირებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 2024 წლის თებერვლის მიმართვას, როდესაც მან ქვეყანაში ახალი ელიტის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა.
სახელმწიფოს საკუთრებაში საწარმოების დაბრუნებას არც რუსეთის ხელისუფლება არ უარყოფს, მაგრამ მოსკოვი აცხადებს, რომ საქმე ეხება მხოლოდ სამხედრო პროფილის საწარმოებს, რომლებიც კერძო პირთა საკუთრებაში მოხვდა.