
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სასკოლო თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე “N-ოვაცია 2019" გრან-პრი მოიპოვა
23/12/2019 16:44:29 თავდაცვა, რეკლამა
სასკოლო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი “N-ოვაცია 2019“ 14 დეკემბერს გაიხსნა და 22 დეკემბერს საზეიმოდ, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოვებით დაიხურა.
ფესტივალზე კადეტები ენტონი ბერჯესის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლით წარსდგნენ და გრან პრიც მოიპოვეს. სპექტაკლის მონაწილეები თურქეთის ქალაქ სიდეში საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრებიან. სპექტაკლის მთავარი როლის შემსრულებელი გიორგი ჯანელიძე ნომინაციაში - „მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი“ გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, ბნელოს როლის შესრულებისათვის საბავშვო ჟიურის რჩეული ვაჟი გახდა კადეტი ლუკა მორჩაძე.
დაჯილდოების ღონისძიებაზე კომპეტენტურმა ჟიურიმ ფესტივალის მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა. მათ შორის ფესტივალში მონაწილე სკოლების გამორჩეული დირექტორები. აღნიშნულ ნომინაციაში დიპლომი გადაეცა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორს პოლკოვნიკ შალვა ძინძიბაძეს.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა ნომინაციაში „ქართული ეროვნული სულის საუკეთესოდ წარმოჩინება“ გამარჯვებული ქუთაისის 31-ე სკოლა მოოქროვილი ვეფხისტყაოსნით დააჯილდოვა.
წარმოდგენილი სპექტაკლები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის თავმჯდომარე თეატრმცოდნე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალისტი, მსახიობი, თეატრალურ კრიტიოკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ წულუკიძე იყო. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავისუფალი თეატრის მსახიობი კახა მიქიაშვილი, მუსიკათმცოდნე, ტელეწამყვანი, საქართველოს განათლების სამინისტროს სახელოვნებო პროგრამების ხელმძღვანელი მაია დათუნაშვილი, საქართველოს განათლების სამინისტროს სახელოვნებო პროგრამების კოორდინატორი სოფიო პატარაია, მსახიობი, ერისთავის სახელობის გორის თეატრის წამყვანი მსახიობი თეკლა მარჯანიშვილი, კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი, ექიმი, ხელოვანი, ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ნაზარიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი მერაბ კვიცარიძე, ქუთაისის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, ჩოხოსანთა გაერთიანების წინამძღოლი ლევან როხვაძე.
აღსანიშნავია, რომ ძირითადი, კომპეტენტური ჟიურის გარდა ფესტივალს ჰყავს ახალგაზრდული ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მონაწილე სკოლის მოსწავლეები. მათ შორის იყვნენ კადეტები ანი ბოჭორიშვილი და ლაშა აბულაძე.
სასკოლო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი “N-ოვაცია 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მასში ჩართული სკოლების რიცხვი დროსთან ერთად მკვეთრად იზრდება. გამორჩეულია წლევანდელი ფესტივალი, არამარტო იმით, რომ აღნიშნავს ათი წლის იუბილეს, არამედ იმითაც რომ ფესტივალი “N-ოვაცია“ საერთაშორისო გახდა.
ფესტივალი მოზარდ-მაყურებელთა დამოუკიდებელი ახალგაზრდული თეატრის „მარჯანიშვილელები“ ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის, ქუთაისის რესურსცენტრისა და ააიპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით ჩატარდა.