
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი სომხეთს შემდეგი 4 წლის განმავლობაში 270 მილიონ ევროს გამოუყოფს
05/04/2024 15:04:28 მსოფლიო
ევროკავშირი სომხეთს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 270 მილიონ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში.
მისი განცხადებით, მიესალმება სომხეთის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანამ „არსებული გამოწვევების მიუხედავად“ განახორციელა.
„ასევე მივესალმები იმ ზომებს, რომლებიც სომხეთმა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად მიიღო. განსაკუთრებით, რათა უზრუნველეყო, რომ ლეტალური აღჭურვილობა და ტექნოლოგიები რუსეთის სამხედროების ხელში არ აღმოჩნდება. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.