
სახალხო დამცველი: "ლაზარეს საქმეში დარღვევა ვერ დავინახე"
05/04/2024 19:14:33 პოლიტიკა, სამართალი
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ლაზარე გრიგორიადისის საქმეში დარღვევას ვერ ხედავს. როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა იგი სასამართლო სხდომებს რეგულარულად ესწრება, თუმცა საქმის წარმოებაში ვერც პროცედურულ და ვერც შინაარსობრივ დარღვევას ვერ ამჩნევს.
"ლაზარეს შემთხვევაში, მინდა, იცოდეთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ პროცესში ყველა ინფორმაციაზე გვქონოდა წვდომა. პირველივე საათიდან ვიყავით ჩართული. მე თავად მოვინახულე ლაზარე საპყრობილეში. არ ყოფილა პროცესი, გარემოება, სადაც ჩვენი ჩართვა იყო საჭირო და ამაში არ მიგვეღო მონაწილეობა. თავის გადაპარსვის ეპიზოდზე მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და დღემდე ვამორიტორინგებთ ამ გამოძიების პროცესს. რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, საპროცესო დარღვევებთან მიმართებით, ჩვენმა აპარატმა დღემდე ვერანაირი დარღვევა ვერ დაინახა. ამას ვამბობ სრულიად გააზრებულად, რადგან ამის უკან დგანს უამრავი პროფესიონალი ადამიანის ცოდნა და ეს ასე არის. თავად საქმეში, რომელიც ჩვენ გვაქვს და პროცესში, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს, დარღვევა ვერ დავინახეთ. სხდომებს რეგულარულად ვესწრებით და ასეთი დარღვევა, რომელზეც ჩვენ გვექნებოდა ლეგიტიმური საფუძველი, რომ მოგვეხდინა რეაგირება, როგორც პროცედურული, ასევე შინაარსობრივი არ ყოფილა", - ამბობს იოსელიანი.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში გასული წლის 30 მარტს წარუდგინეს. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას ამ საქმის განხილვის პარალელურად 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 2 წლის წინ მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის დასკვნითი სხდომა ხვალ გაიმართება. მისი ოჯახი და ადვოკატები სასამართლოსგან გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში იმედს იტოვებენ, რომ მას პრეზიდენტი შეიწყალებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების უფლებით გამოყენება ახალი პარლამენტის არჩევამდე, ანუ 2024 წლის ოქტომბრამდე შეუძლია.