
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 გავანადგურეთ
08/04/2024 05:20:27 მსოფლიო
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 8 აპრილის ღამეს რუსების მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 გაანადგურეს.
"უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 76 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მტერმა, საერთო ჯამში, 7 სარაკეტო და 104 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 108-ჯერ დაარტყა. რუსებმა არტილერიით დაბომბეს ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქების 100-ზე მეტი დასახლება.
რაც შეეხება უკრაინის თავდაცვის ძალებს, გასული 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ავიაციამ დარტყმები განახორციელა რუსების საკონტროლო პუნქტზე, 5 საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე და რუსების პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 13 ტერიტორიაზე. სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა კი საზენიტო-სარაკეტო სისტემას, უპილოტო საფრენი აპარატის საკონტროლო პუნქტს, საარტილერიო სისტემასა და რუსების პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 3 უბანს დაარტყეს", - აცხადებენ გენშტაბში.