
კადიროვმა "ვაგნერის" 3 000 დაქირავებულის "ახმატში" გადაყვანის შესახებ განაცხადა
08/04/2024 06:31:15 კავკასია
3 000 ყოფილი "ვაგნერელი", ხელმძღვანელთან ერთად (მეტსახელად "რატიბორი"), "ახმატის" სპეცრაზმში გააგრძელებს საქმიანობას, დაწერა ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამ–არხში. დანაყოფში საჭირო რაოდენობის ვაკანსიები უკვე შეიქმნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ.
სპეცდანიშნულების რაზმი "ახმატი" დაიმატებს სამი ათას ყოფილ დაქირავებულთა პოლკს - მას უხელმძღვანელებს "ვაგნერის" პირველი თავდასხმის რაზმის ყოფილი მეთაური ალექსანდრე კუზნეცოვი, რომელიც ცნობილია "რატიბორის" მეტსახელით, - თქვა "ახმატ" ხელმძღვანელმა აფთი ალაუდინოვმა.
მისი თქმით, კუზნეცოვი დაჭრის შემდეგ დიდხანს გადიოდა მკურნალობას და მთელი ამ ხნის განმავლობაში "მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ჩეჩნურ დანაყოფში ჩარიცხვის შესახებ".
„მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, სხვა დანაყოფებშიც ნახეს ვითარება, სად იქნებოდა უკეთესი. ფაქტია, რომ დღეს ასეთი შეთანხმება გავაფორმეთ - მას შემდეგ, რაც მათ თავიანთი ხედვა ჩამოაყალიბეს, თავდაცვის სამინისტროს მივმართე და მწვანე შუქი აგვინთეს, შეიქმნას ცალკეული პოლკი სამი ათასი ადგილით. ჩვენ მთელი პერსონალი შემოვიყვანთ ამ ქვედანაყოფში რატიბორის ხელმძღვანელობით", - თქვა ალაუდინოვმა.
კუზნეცოვი მსახურობდა "ვაგნერში" თითქმის ჯგუფის დაარსებიდან, როდესაც დიმიტრი უტკინის ("ვაგნერი") მეთაურობის ქვეშ 40-ზე მეტი ადამიანი იყო, აღნიშნავს "ვაგნერთან" აფილირებული Grey Zone.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პირველი თავდასხმის რაზმი, რატიბორის მეთაურობით, ლიბიიდან ლუგანსკის რეგიონში გადაიყვანეს - იქ მათ მონაწილეობა მიიღეს პოპასნაზე თავდასხმაში.
კუზნეცოვმა "ახმატში" გადასვლა იმით ახსნა, რომ "მიკერძოებული დამოკიდებულება არ არის" და "უზრუნველყოფა უმაღლეს დონეზეა".