
DRI: ლაზარეს საქმესთან დაკავშირებით ირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება
08/04/2024 07:22:32 სამართალი
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით ირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიდისის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ხასიათი აქვს.
"ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ 2021 წელს აღძრული საქმე (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება და სხვისი ნივთის დაზიანება) მაშინ „გააცოცხლა“, როდესაც მარტის აქციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი პატიმრობის კანონმდებლობით განსაზღვრული ცხრათვიანი ვადა იწურებოდა. უფრო მეტიც, მიუხედავად ალტერნატიული სასჯელების არსებობისა, პროკურატურამ სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა – თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
პროკურატურის მიერ ძველი საქმის „გაცოცხლება“ და სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლაზარე გრიგორიადისის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადით მანიპულირებას, აღნიშნული ვადის ხელოვნურად გაგრძელებას სხვადასხვა ფორმალურად კანონიერი მეთოდებითა და საფუძვლებით, რადგან პატიმრობის ვადის ხელოვნურად გაგრძელება წინააღმდეგობაში მოდის იმ სიკეთესთან, რის დაცვასაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით განსაზღვრული საქმის სამართლიანად განხილვის უფლება ითვალისწინებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება.
სხდომა 8 აპრილს 14:30 საათზე არის ჩანიშნული.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში გასული წლის 30 მარტს წარუდგინეს. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას ამ საქმის განხილვის პარალელურად 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 2 წლის წინ მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
მისი ოჯახი და ადვოკატები სასამართლოსგან გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში იმედს იტოვებენ, რომ მას პრეზიდენტი შეიწყალებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების უფლებით გამოყენება ახალი პარლამენტის არჩევამდე, ანუ 2024 წლის ოქტომბრამდე შეუძლია.