რა პოზიცია ჰქონდა ირაკლი ჩიქოვანს ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით

08-04-2024 12:13:39 პოლიტიკა ,თავდაცვა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატობის პერიოდში ირაკლი ჩიქოვანი აცხადებდა, რომ ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და თავდაცვის ძალების პოზიციებს შორის წინაღობა არ არსებობდა.

როგორც ჩიქოვანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2 თებრვალს განაცხადა, საკითხზე მიმდინარეობდა მიზანშეწონილობის შესწავლა და გადაწყვეტილება სწორედ ამის საფუძველზე იქნებოდა მიღებული:

  • „კარგად მახსოვს შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით, სადაც საკომიტეტო ფორმატში განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს პოზიცია. იქ იყვნენ თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ვაზიანის მოდერნიზაცია. ხელსაც არ შეუშლის ჩვენი საწვრთნელი ბაზის იქ ყოფნას. მიმდინარეობს ე.წ. Feasability study [მიზანშეწონილობის შესწავლა], რომლითაც დადგინდება ყველა არსებული გარემოება და ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, პოზიცია, რომელიც ექსპერტებს და თავდაცვის ძალებს აქვთ, არის ის, რომ შეფერხება და წინაღობა არ არსებობს“.

ცნობისთვის: დღეს ცნობილი გახდა, რომ ვაზიანში ახალი, საერთაშორისო აეროპორტი აშენდება.

2023 წლის 5 ივნისს საქართველოს იმჟამინდლმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა მთავრობის „ამბიციურ გადაწყვეტილებაზე”, საქართველო „რეგიონში საავიაციო ჰაბი” გახადოს. მან თქვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ახალი აეროპორტის მშენებლობის იდეა განიხილება და ამისთვის იდეალური ადგილი „ვაზიანის ყოფილი აეროდრომია“.

ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზა მდებარეობს, აქვეა NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები